"გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება, რომელიც წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა, ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება" - შალვა პაპუაშვილი
"ბოლო 8 წელია ის აქტიურ პოლიტიკაშია, ერთ-ერთი წარმატებული ლიდერი, პოლიტიკური მოღვაწე და პარლამენტის წევრია," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას "ღამის კურიერში" განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დასახელება სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მას წინა სამი პრეზიდენტისგან განსხვავებით, გააჩნია ხალხის მიმართ ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედების უნარი.
"რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს, მე მგონი ოპონენტების რეაქცია ყველაზე კარგი დასტურია იმისი, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ვნახეთ, მათი პანიკური რეაქციები ამ გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გასაგებია, რომ ჩვენ "ნაცმოძრაობის" და მისი სატელიტების მოსაწონი კანდიდატი არც გვეყოლებოდა და არც უნდა გვყოლოდა. მათი რეაქცია დასტურია იმისა, რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მიზანში გავარტყით იმ მხრივ, რომ ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა, ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება.
მიხეილ ყაველაშვილს რაც შეეხება, ერთის მხრივ არის, მისი წარმატებული სპორტული კარიერა, და მეორეს მხრივ, მისი წარმატებული პოლიტიკური კარიერა. ბოლო 8 წელია ის აქტიურ პოლიტიკაშია, ერთ-ერთი წარმატებული ლიდერი, პოლიტიკური მოღვაწე და პარლამენტის წევრია. მანამდეც, ის ბოლო 20 წელია, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო იმ რეჟიმის მოწინააღმდეგე, იბრძოდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ და შემდეგ, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, ის აკეთებდა ყველაფერს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ნაცობა," როგორც იდეოლოგია აღარასდროს მობრუნებულიყო ამ ქვეყანაში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საპრეზიდენტო კანდიდატი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.