ვიშეგრადის ქვეყნები ევროკავშირს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ასოცირებული პარტნიორების ევროპული პერსპექტივის აღიარებისკენ მოუწოდებენ
29 აპრილს ვიშეგრადის ჯგუფისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, მინისტერიალში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მონაწილეობდა.
ვიშეგრადის ოთხეულის ერთობლივ განცხადებაში მინისტერიალის მონაწილეებმა დაადასტურეს მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული განზომილების მიმართ და მოუწოდეს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა დარჩეს პრიორიტეტულად ევროკავშირის დღის წესრიგში.
ვიშეგრადის ოთხეული მოუწოდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს, აღიაროს ასოცირებული პარტნიორების ევროპული პერსპექტივა, ხოლო პარტნიორობის ფარგლებში, დიფერენციის პრინციპით, გაგრძელდეს თანამშრომლობა. ვიშეგრადის ოთხეული მზად არის ასოცირებულ ტრიოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და მხარს უჭერს ასოცირების შეთანხმებების განახლებას საერთო ინტერესების მიმართულებით. ამ კონტექსტში ისინი ემხრობიან ასოცირებული პარტნიორების ევროპულ ერთიან ბაზარში თანდათანობითი, სრული ინტეგრაციის იდეასაც.
ვიშეგრადის ოთხეული მიესალმა ასოცირებული პარტნიორების - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის არაფორმალურ დოკუმენტს პარტნიორობის მომავლის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან მათ უფრო ღრმა ჩართულობას. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მოწინავე ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირთან გაღრმავებული თანამშრომლობისკენ ისწრაფვიან, უფრო მჭიდრო ინტეგრაციის შემდგომი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
განცხადებაში მინისტრებმა დაადასტურეს პატივისცემა და მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პარტნიორი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
მათ ხაზი გაუსვეს რეგიონში არსებული კონფლიქტების დაუყოვნებლივ მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად და დაგმეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ინციდენტები, რომელსაც ადგილი აქვს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
განცხადებაში აღინიშნა, რომ უსაფრთხოების ფართო კონცეფცია პარტნიორობის ფარგლებში უფრო კონკრეტულ ინიციატივებში უნდა ითარგმნოს. ევროკავშირმა დახმარება უნდა გაუწიოს პარტნიორ ქვეყნებს უსაფრთხოების სექტორის რეფორმების გატარებაში, მათ შორის, ჰიბრიდულ საფრთხეებთან და დეზინფორმაციასთან ეფექტიანად გასამკლავებლად.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობა პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესში, მინისტრები მოუწოდებენ ეროკავშირს, მეტი ძალისხმევა გასწიოს ვაქცინაციის მიმართულებით მათ შორის, COVAX პლატფორმის მეშვეობით.
ვიშეგრადის ოთხეულის მიერ გამოიხატა მზადყოფნა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შემდგომ განვითარებაში აქტიური როლის შესასრულებლად, მათ შორის, სამიტის ფარგლებში შედეგებზე ორიენტირებული, ამბიციური დეკლარაციისა და მიზნების შეთანხმების ნაწილში.
აღსანიშნავია, რომ ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი მნიშვნელოვანი ფორმატია პარტნიორობის პრიორიტეტული საკითხების განხილვისა და მიზნების მიღწევის საშუალებების იდენტიფიცირებისთვის. 2020 წელს ასევე ამოქმედდა „V4 აღმოსავლეთის სოლიდარობის პროგრამა“ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფარგლებში.