თეგებით ძიება

"ჯანმო ჩინური ვაქცინების აღიარებას აპირებს... თუ ვაქცინა შედარებით დაბალეფექტურია, ქვეყანა ვერ გაიხსნება..."

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურა გურული ვაქცინაციის საკითხს სოციალურ ქსელში ეხება და წერს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების აღიარებას აპირებს. ამასთან, ქართველი ექიმი იმასაც დასძენს, რომ თუ ვაქცინა შედარებით დაბალეფექტურია, მაშინ ქვეყანა ვერ გაიხსნება.

"კოვიდ-პანდემიამ კლინიკურ თავსატეხებთან ერთად სერიოზული წინააღმდეგობები შექმნა სამედიცინო დეონტოლოგიაში. დარწმუნებული ვარ, არაერთი შრომა მიეძღვნება ამ საკითხს. პანდემია კომპლექსური პრობლემაა და შესაბამისად, კომპლექსური მორალური დილემებიც წარმოქმნა. როგორ უნდა მოიქცეს პროფესიონალი ექიმი ისეთ სიტუაციაში, როდესაც მის წინაშე მრავალუცნობიანი ეთიკური განტოლებაა? საიდან უნდა დაიწყოს ამოხსნა?


ყველაზე მართებული ალბათ მკურნალის მთავარი ეთიკური პრინციპის: - არ ავნო! -უზენაესობაა. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია და სიტუაციის მიხედვით მოსარგები. თუ ამ პრინციპს ყველაფერზე მაღლა დავაყენებთ, მაშინ გასაგები ხდება, თუ რატომ შეაჩერა დროებით ამერიკამ ჯონსონის ვაქცინის გამოყენება, ისევე როგორც ევროპამ ასტრაზენეკასი.

ვაქცინის მიერ გამოწვეული გართულებები ძირითადათ შეეხო ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც დიდი ალბათობით უპრობლემოდ გადაიტანდნენ კოვიდს, თუმცა ასპროცენტიანი ალბათობით ამის მტკიცებაც შეუძლებელია; და მაინც, ამ შემთხვევაში ვაქცინამ პოტენციურად ლეტალური გართულება გამოიწვია. სტატისტიკური უმნიშვნელობის მოშველიება აქ შეუძლებელია, რადგან უზენაესი ეთიკური პრინციპი უზენაესია. ვის წინაშე არის პასუხისმგებელი ინდივიდი-ექიმი? კაცობრიობის კეთილდღეობის, თუ ინდივიდი-პაციენტის, როდესაც იგი გადაწყვეტილებას იღებს?

ანტივაქსერობა თავისთავად ანტიმეცნიერებაა, მაგრამ არის თუ არა ანტიმეცნიერება ვაქცინაციის აგრესიული ქადაგებაც? ნებისმიერი უკიდურესობა ანტიმეცნიერებაა, რადგან უკიდურესობა გამორიცხავს საწინააღმდეგო მოსაზრების დაშვებას. ოპონენტის ოპონირების გარეშე კი ვერცერთი სამეცნიერო ნაშრომის ოფიციალური აღიარება ვერ შედგება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების აღიარებას აპირებს. აპირებს მიუხედავად იმისა, რომ არა აქვს სრულყოფილი ინფორმაცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინდივიდი არ არის, ორგანიზაციაა, რომლის მთავარი პასუხისმგებლობა კაცობრიობის კეთილდღეობაა. კაცობრიობა კი უნდა აიცრას, რაც შეიძლება სწრაფად და ამისათვის ყველა ვაქცინა უნდა იქნეს გამოყენებული.

დანარჩენი კი თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ. თუ ვაქცინა შედარებით დაბალეფექტურია, მაშინ ქვეყანა ვერ გაიხსნება ალბათ. მაგალითები სახეზეა; სინოფარმით აცრილი სეიშელის კუნძულები, ჩილე ... ინდივიდებს კი თავისი ინტერესები აქვთ. მათ დაცვა სჭირდებათ და როდესაც დაცვის სხვა საშუალება არ არსებობს, მაშინ ის უნდა გამოიყენო, რაც ხელთა გაქვს; გონივრული მიდგომაა.

და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ინდივიდი-პროფესიონალი, როდესაც მთავრობას აძლევს რეკომენდაციას? როდესაც ინდივიდს?

რთული კითხვაა.
ერიდეთ უკიდურესობებს! უკიდურესობები ანტიმეცნიერებაა", - წერს ფეისბუქზე გურული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა