"მითხრა, რომ სამსახური დამეტოვებინა, უარი რომ ვთქვი, დაიწყო ძალადობა" - რას ჰყვება ქალი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე ისაუბრა
ერთ-ერთი საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი მარიამ ჯუღელი დირექტორის მხრიდან ბულინგსა და მუქარაზე საუბრობს. ის "ფორმულასთან" ჰყვება, რომ უკვე 4 წელია მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა მიმდინარეობს.
ინფორმაცია, რომ მას ემუქრებოდნენ ჯუღელმა ჟურნალისტებთან ორი დღის წინ გააჟღერა, მას შემდეგ რაც, კესარია აბრამიძის მკვლელობის დროს კომენტარს იძლეოდა.
მარიამ ჯუღელის თქმით, სკოლის დირექტორი სამსახურის დატოვებას სთხოვდა.
"კონფლიქტი დაიწყო 4 წლის წინ, როცა მითხრა, რომ სამსახური დამეტოვებინა იმის გამო, რომ ადგილობრივი არ ვიყავი და აღარ სჭირდებოდა კადრი. ამაზე უარი ვუთხარი. ამის შემდეგ კი დაიწყო ჩემს მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება.
ფსიქოლოგიურად ძალადობდა წლები ჩემზე, მემუქრება სიკვდილით და სიცოცხლის აღკვეთით. ჩემსავით ჰყავს 5 მასწავლებელი გამწარებული, რომელიც ასე უსაფუძვლოდ ჰყავს გაგდებული სკოლიდან. სასამართლოშიც ვაპირებ ამ საკითხის შეტანას. არ ვაპირებ, რომ გავჩერდე. იმედი მაქვს, გულისხმიერებას გამოიჩენენ შესაბამისი უწყებები და დამიცავენ როგორც პიროვნებას, როგორც მოქალაქეს და როგორც მასწავლებელს" - ამბობს ის.