ლაშა ხუციშვილმა ბანკის მმართველთა საბჭოს სესია გახსნა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 54-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ბანკის მმართველთა საბჭოს სესია გაიმართა, რომელსაც ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გაუძღვა. ფორუმის ჩატარება თბილისში იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო ღონისძიება ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.
„2024 წელს ჩვენ უკვე თბილისში ვუმასპინძლებთ ამ მასშტაბურ და მნიშვნელოვან შეხვედრას. ვიმედოვნებ, ამ დროისთვის, ერთობლივად მივაღწევთ წარმატებას გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზაზე“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.
მან მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს ასეთ რთულ ვითარებაში ყოველწლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორუმები იძლევა კარგ შესაძლებლობას, თანამშრომლობის საკითხების განხილვისთვის. კორონავირუსის პანდემიაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა ADB-ის წვლილი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითაც.
„ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის მიერ COVID-19-ზე რეაგირებისთვის შემუშავებული 20 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი წევრი ქვეყნებისთვის. აღნიშნული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური ზიანის მინიმუმამდე შემცირებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. ამჟამად, ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როცა ვაქცინა უკვე შექმნილია და ვაქცინაციის პროცესიც დაწყებულია, თუმცა ამ წარმატების მიუხედავად, ჩვენ მაინც ვხედავთ მნიშვნელოვან ხარვეზებს ვირუსთან ბრძოლაში, განსაკუთრებით, ვაქცინების მარაგების მხრივ. იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს ხარვეზი და გაიზარდოს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა, მიმაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს აზიის განვითარების ბანკის როლი ამ პროცესში,“ - განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად უნდა გაგრძელდეს და განმტკიცდეს ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკონომიკის საფუძვლების განმტკიცებას და შოკის მიმართ მდგრადობას.
„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის პოლიტიკა. საქართველო თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის მხარდამჭერია და ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება. უფრო მეტი ინტეგრაცია, ღიაობა და დაბალი ბარიერები, მსოფლიო ეკონომიკური არქიტექტურის საკვანძო ფაქტორებია და ჩვენ სწორედ მათზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მან, ასევე, ისაუბრა ADB-ის როლზე კერძო სექტორის განვითარების პროცესში. დასასრულს, ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვენების მმართველებს და ბანკის ხელმძღვანელობას თანამშრომლობის გაღრმავებისა და პარტნიორობისთვის.