თეგებით ძიება
06. 05. 2021 სპორტი

უეფა სუპერ ლიგის დამფუძნებლების დასჯას აპირებს

უეფა იმ კლუბების დასჯას გეგმავს, რომლებმაც სუპერ ლიგის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა და პროექტისგან თავი შორს ჯერ კიდევ არ დაუჭერიათ. ამ ინფორმაციას, ESPN ავრცელებს და ირწმუნება, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო რამდენიმე გუნდისთვის მაქსიმალურად მკაცრი სანქციების დაკისრებას აპირებს.

„რეალს“, „ბარსელონას“, „მილანსა“ და „იუვენტუსს“ ჯერჯერობით უკან არ დაუხევიათ და შესაძლოა, ეს ძვირად დაუჯდეთ. ESPN-ის მიხედვით, არის შანსი, რომ ზემოთ ხსენებულ გრანდებს ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე გამოსვლა 2 წლით აეკრძალოთ.

ბოლო 10 დღის განმავლობაში უეფა სუპერ ლიგის დამფუძნებელ 12 კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა მათი სასჯელი შედარებით მსუბუქი ყოფილიყო და ფორმალური დასტური მიეღო, რომ სუპერ ლიგის პროექტი არ განხორციელდებოდა. „არსენალთან“, „ატლეტიკოსთან“, „ჩელსისთან“, „ლივერპულთან“, „სიტისთან“, „მანჩესტერთან“ და „ტოტენჰემთან“ შეთანხმების მიღწევა მოხერხდა. უახლოეს პერიოდში მათ რიგებს „ინტერიც“ შეუერთდება, მაგრამ „იუვე“, „რეალი“, „ბარსა“ და „მილანი“ პოზიციას არ იცვლიან.

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა ახლახან ამ საკითხის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ინგლისურ კლუბებსა და დანარჩენ 6-ს შორის დიდი განსხვავებაა. ინგლისელებმა თავიანთი შეცდომა აღიარეს და სუპერ ლიგიდან პირველები გამოვიდნენ. პირადად მე, 3 ჯგუფს გამოვყოფ. პირველ ჯგუფში 6 ინგლისური კლუბი შედის. მეორე ჯგუფში ატლეტიკო, მილანი და ინტერი არიან, რომლებიც სუპერ ლიგიდან ინგლისელების შემდეგ გავიდნენ. მესამე ჯგუფში იუვენტუსი, რეალი და ბარსელონა იმყოფებიან, რომლებსაც ჰგონიათ, რომ დედამიწა ბრტყელია და სუპერ ლიგა კვლავ არსებობს. ამ ჯგუფებს შორის სასჯელთან დაკავშირებით განსხვავება ნამდვილად იქნება, მაგრამ პასუხისმგებლობა ყველა კლუბს დაეკისრება“.

აქვე გეტყვით, რომ წესების მიხედვით, მაქსიმალური სასჯელი, რომელიც უეფას შეუძლია, კლუბებს დააკისროს, ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა