თეგებით ძიება

ნიკა მელიამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო - შალვა პაპუაშვილი

კარგია, რომ საბოლოო ჯამში, ნიკა მელია დათანხმდა გირაოს მიღებას და ეს რამდენიმეთვიანი ეპოპეა, რომელიც იყო უშედეგო მცდელობა მისი პოლიტიკურ ტანჯულად გამოცხადების, ამით დასრულდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კარგია, რომ ნიკა მელიამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო.

„გვახსოვს მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები, რომ ვერ დაიჭერდნენ, დაიჭირეს, რომ არ მიიღებდა არანაირ გირაოს და ყველა მტერი და „ეფესბეს“ აგენტი იქნებოდა, ვინც ამ გირაოს გადაიხდიდა. დღეს ვხედავთ, რომ მადლობებს უხდიან ევროკავშირს. ასე რომ კარგია, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შესახებ იმსჯელებს.

პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა.

იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

7 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს. ის რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში იხდის სასჯელს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა