თეგებით ძიება

ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ საქართველო აღმოჩნდება თურქეთის მსგავს მდგომარეობაში: ოფიციალურად ევროკავშირის კანდიდატი, რომლის წევრობის გზაც არსებითად გაყინულია - იოზვიაკი

2025 წლისთვის, ევროკავშირის გაფართოება დიდწილად შეჩერებულია - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი წერს.

მისივე პროგნოზით,  2025 წელს ევროკავშირი სავარაუდოდ მიიღებს ისტორიულ გადაწყვეტილებას და, პოლონეთის პრეზიდენტობის პერიოდში გახსნის გაფართოების 33 თავიდან რამდენიმეს. თუმცა, ჯერ ეს არ არის გადაწყვეტილი საქმე.

"რაც თითქმის დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინული დარჩება. ევროკავშირში ჯერაც არა აქვთ ერთიანი პოზიცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თბილისთან მიმართებით, რომელსაც მმართველი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დემოკრატიის უკანდახევაში ადანაშაულებენ. მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ადამიანებზე სანქციების დაწესებაზე (როგორც ეს აშშ-მა გააკეთა) კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა მიმდინარეობს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საკმაოდ სიმბოლური პროცესი.

სავარაუდოდ, არ განხორციელდება კოორდინირებული ზეწოლა, რათა ხელახლა ჩატარდეს 2024 წლის ოქტომბრის კონტროვერსიული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ფართოდ გააკრიტიკეს, როგორც არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ამის დასადასტურებლად, ნახეთ სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება, რომელიც მათ 29 დეკემბერს გააკეთეს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეს ტოვებდა. როგორც წესი, ღიად და პირდაპირ მოლაპარაკე პოლიტიკოსებმა განაცხადეს: „საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება კრიზისიდან გამოსავალი და საზოგადოების ნდობის აღდგენა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის, ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით ახალი არჩევნების შესაძლებლობის გათვალისწინებით“.

ბრიუსელში ახლა მიიჩნევენ, რომ საქართველო აღმოჩნდება თურქეთის მსგავს მდგომარეობაში - ოფიციალურად ევროკავშირის კანდიდატია, რომლის წევრობის გზაც არსებითად გაყინულია." - წერს იოზვიაკი, რომლის წერილს რადიო თავისუფლება ავრცელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა