თეგებით ძიება

სრულად ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას, რომელმაც არ გამოიყენა ვეტოს უფლება - დავით ჩიხელიძე

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ამცირებს დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას და არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, აქ საკითხი შემდეგნაირად დგას, რას ვუწოდებთ ჩვენ გამოხატვის თავისუფლებას“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს.

მისი თქმით, კანონის ახალი რედაქციით, გამოხატვის თავისუფლება არცერთ ასპექტში არ იზღუდება და ის კანონდარღვევაზე ადეკვატური რეაგირების შესაძლებლობას იძლევა:

„სამწუხაროდ საქართველოში ხშირ შემთხვევაში, სწორედ გამოხატვის თავისუფლების სახელით ჩადიან დანაშაულს, რომელიც კონკრეტული ადამიანების და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მიმართული. ფაქტია, რომ წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა დაუშვებელია და კანონდარღვევაა. აქსიომაა, რომ კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ, ხოლო კანონის გადახვევა დასჯადი ქმედებაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ უნდა არსებობდეს, რადგან სწორედ დემოკრატიის მაღალი ხარისხით განთქმული ქვეყნებია მაგალითი იმისა, თუ როგორი ხელშეუხებლობით სარგებლობს სამართალდამცველი, რომლის შეურაცხყოფაც და კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა უმკაცრესად ისჯება.

ჩვენს ქვეყანაში კანონმდებლობა ლოიალური იყო, რომელიც პოლიციელთა უფლებების დარღვევის და მასზე არასათანადო სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობას იძლეოდა. დღევანდელი მოცემულობით მოხდა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ერთის მხრივ იცავს პოლიციელს, ხოლო მეორეს მხრივ შესაძლო დანაშაულის პრევენციას ახდენს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ კანონის ახალი რედაქციით, გამოხატვის თავისუფლება არცერთ ასპექტში არ იზღუდება და ის კანონდარღვევაზე ადეკვატური რეაგირების შესაძლებლობას იძლევა. სრულად ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას, რომელმაც არ გამოიყენა ვეტოს უფლება, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღევევათა კოდექსი არამხოლოდ აკმაყოფილებს ადგილობრივ კანონმდებლობას, არამედ თანხვედრაში მოდის საერთაშორისო კანონმდებლობასთან და მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკასთან!“ - აღნიშნავს ჩიხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა