ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილი ალბათ იმედგაცრუებულია
ალბათ, სააკაშვილი იმედგაცრუებულია, რომ ის ადგილი, რომელიც ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განუსაზღვრა, თავისუფალი დარჩება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა გადაიხადა გირაო და ამით რეალურად აღკვეთა სააკაშვილის მეშვეობით საქართველოში რუსული სცენარით დესტაბილიზაცია.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითლუსტრაცია მკაფიოდ განახორციელა, როცა შარლ მიშელის ეგიდით წარმართული მოლაპარაკებების შემდეგ, დოკუმენტის ხელმოწერის ფარგლებში, ერთ მხარეს იყვნენ „ქართული ოცნება“, საზოგადოება და სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება მოახდინეს, ხოლო მეორე მხარეს თამაშმიღმა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, რაც პირდაპირ რუსული ინტერესების გატარებას ნიშნავს, რადგან თუ ევროპული ინსტიტუტების მეშვეობით წარმართული მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას ხელს არ აწერ, ეს სხვა არაფერია თუ არა საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საწინააღმდეგოდ მოქმედება.
რაც შეეხება ევროკავშირის გირაოს გადახდას, ევროკავშირის მთავარი ამოცანა და მიზანი გირაოს გადახდისას იყო იმაში, რომ საქართველოში სააკაშვილისთვის არ მიეცა რუსული დესტრუქციული სცენარის განვითარების საშუალება, რასაც ის ნიკა მელიას მეშვეობით გეგმავდა. ევროკავშირმა გადაიხადა გირაო და ამით რეალურად აღკვეთა სააკაშვილის მეშვეობით საქართველოში რუსული სცენარით დესტაბილიზაცია. ალბათ, სააკაშვილი იმედგაცრუებულია, რომ ის ადგილი, რომელიც ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განუსაზღვრა, თავისუფალი დარჩება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა.მოსამართლე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შესახებ იმსჯელებს.
პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა.
იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.
7 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.
თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს. ის რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში იხდის სასჯელს.