სალომე ზურაბიშვილმა და სტევო პენდაროვსკიმ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა.
სალომე ზურაბიშვილმა და სტევო პენდაროვსკიმ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური სირთულეები და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული უმნიშვნელოვანესი შეთანხმების შესახებ.
სალომე ზურაბიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაზე, ადამიანთა გატაცებაზე, უკანონო პატიმრობასა და ზაზა გახელაძის შესახებ.
შეხვედრისას საუბარი შეეხო 14 ივნისს დაგეგმილ ნატო-ს სამიტს, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით ჩრდილოეთ მაკედონიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს ასევე, რეგიონსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნეს, რომ დეესკალაციისთვის საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის, ნატო-სა და ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობა არაკონფრონტაციული ფორმით.
საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.