შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ადასტურებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ძალაუფლება
შალვა პაპუაშვილის თქმით, აღარ აქვს მნიშვნელობა შევლენ თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო პარლამენტში. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, ამ პარტიების ქმედებები ადასტურებს, რომ მათ მხოლოდ ძალაუფლების მოპოვება აინტერესებთ.
„მთავარი არის შემდგარი ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ ამ ქვეყანაში ოფიციალურად არიან რადიკალური პარტიები, რომლებსაც არ სურთ რაიმე კონსტრუქციული ურთიერთობა პარტიებს შორის. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს ისინი გარეთ იქნებიან თუ შიგნით. გუშინაც განაცხადეს, რომ ხელს არ უშლის პარლამენტში ყოფნა იმას, რომ ქუჩაშიც იყვნენ. კარვები ჯერ კიდევ გაშლილია პარლამენტის წინ და როგორც ჩანს, არ აპირებენ ეს კარვები დაშალონ. მთავარი არის შემდეგი, ისინი არც არასდროს ყოფილან დასავლურ გზაზე და ახლა ადასტურებენ საკუთარი ქცევით, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ პროცესს, მნიშვნელობა აქვს ძალაუფლების მოპოვებას. ამისთვის ეძებენ ნებისმიერ ხერხს და ეს ერთადერთი ხერხი, რომელიც შერჩათ არის ძალადობრივი ქმედება, არეულობა ქვეყანაში, ვინაიდან დემოკრატიული პროცესით ისინი მოქალაქეების მანდატს ვერ მიიღებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის თაობაზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად შიდაპარტიული კონსულტაციები იწყება.