პაატა მანჯგალაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პარტია იყოს პარლამენტში
მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ორგანიზაციაა და არის აზრთა სხვადასხვაობა. ვფიქრობ, საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების შემდეგ ყველა პარტია იყოს პარლამენტში და უზრუნველვყოთ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შეთანხმება, რასაც ხელი მოვაწერეთ.
მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ორგანიზაციაა. არის აზრთა სხვადასხვაობა. ვფიქრობ, საბოლოოდ საღი, პრაგმატული აზრი გაიმარჯვებს, რომელიც შედეგზე ორიენტირებულია. ასე ვთქვათ, ემოციებზე გადაწყვეტილებას აღარ მიიღებენ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
11 მაისს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის თაობაზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად შიდაპარტიული კონსულტაციები იწყება.