თეგებით ძიება

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გათავისუფლდა სააკაშვილისგან - დავით ჩიხელიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკანორ მელიას მეთაურობით საკუთარ ბატონს უკრაინაში ეახლნენ, არ აქვს მნიშვნელობა შეხვედრის დროს რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მეორე ხარისხოვანია ისინი პარლამენტში შევლენ თუ არ შევლენ, აქ თვითონ უკრაინაში ვიზიტის ფაქტია მნიშვნელოვანი და მიუღებელი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას უკრაინაში ვიზიტს.

მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტი დასტურია იმისა, რომ ოპოზიციას არ გააჩნია საკუთარი აზრი:

„ვისურვებდი პოლიტიკურ სივრცეში არსებობდეს ოპოზიცია, რომელიც დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით ისარგებლებს და ბრძანებებს უცხო ქვეყნის მოქალაქისგან არ მიიღებს. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გათავისუფლდა სააკაშვილისგან. სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი მაშინ დასრულდა, როცა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი საკუთარი სურვილით განაცხადა, მაგრამ როგორც ვხედავთ, პოლიტიკურად გაკოტრებული სააკაშვილი ზოგიერთებისთვის კვლავ ლიდერად რჩება, რაც ხაზს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სისუსტეს უსვამს.

უკრაინაში ვიზიტი დასტურია იმისა, რომ ოპოზიციას არ გააჩნია საკუთარი აზრი, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. შესაბამისად მათთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მოლაპარაკება აზრს კარგავს, რადგან ისინი მაინც ისე მოიქცევიან, როგორც სააკაშვილი იტყვის და არა ისე, როგორც ქვეყნისთვის იქნება უკეთესი. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ორი პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობა, რომელსაც სააკაშვილის ფაქტორი მნიშვნელოვნად აზიანებს. ფაქტია უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივი კანონმდებლობით დაუშვებელია,“ - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა