საქსტატი: 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 0.9%-ით გაიზარდა
2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2019 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.5 პროცენტი შეადგინა.
წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წელთან შედარებით შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.6 პროცენტული პუნქტით. ასევე, დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 1.3 და 1.8 პროცენტული პუნქტით.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.1 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წელთან შედარებით გაზრდილია 2.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით.
წინა წელთან შედარებით, 2020 წელს უმუშევრობის დონე გაზრდილია თბილისის, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონებში, შესაბამისად 3.8, 2.8 და 1.1 პროცენტული პუნქტით, აღნიშნული მაჩვენებელი უცვლელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში უმუშევრობის დონის კლება ფიქსირდება.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში ქალებთან შედარებით. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.3 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 62.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში შემცირებულია 2.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0,3 პროცენტული პუნქტით.
მათივე ინფორმაციით, 2020 წელს დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წელთან შედარებით, შესაბამისად 2.3 და 0.6 პროცენტული პუნქტით.
2020 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (43.9 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (7.3 პროცენტი), რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის დაბალი მაჩვენებელი.