ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი შესაძლოა გაძვირდეს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში (სემეკი) საჯარო სხდომა გაიმართება. კომისიის წევრები შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებენ.
სემეკმა 2019 წლის 25 დეკემბერს, ბუნებრივი აირის სექტორში, პირველად, სამწლიანი ტარიფები დაამტკიცა. იმ პერიოდისთვის, შპს „თბილისი ენერჯისთვის” სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა – 46.137 თეთრი. მაშინ კომისიაში განაცხადეს, რომ ტარიფის შენარჩუნება გაზის შესასყიდი ფასის შემცირებით გახდა შესაძლებელი. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის დეკემბრამდე არ უნდა შეცვლილიყო. რატომ გახდა გადაწყვეტილების მიღებიდან, თითქმის წელიწადნახევარში კორექტირება საჭირო, კომისიის წევრები განმარტებას კომისიის სხდომაზე გააკეთებენ, რომელიც დღეს 12:00 საათზე გაიმართება.