თეგებით ძიება

რამდენი ლარით იზარალა 2020 წელს “თელასმა”

სს “თელასმა”, რომელიც თბილისის ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელია, 2020 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაუარესებულია და მან 2020 წელი 72.9 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. შედარებისთვის, 2019 წელს კომპანიას 14 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

“თელასის” ანგარიშის თანახმად, პანდემიის გავლენის გამო გასულ წელს მათ მიერ რეალიზებული ელექტროენერგიის მოცულობა 11%-ით, 2.47 მილიარდ კილოვატსაათამდე შემცირდა. შედეგად, ელექტროენერგიის განაწილებიდან კომპანიის შემოსავალმა 9%-ით იკლო და 411 მილიონი ლარი შეადგინა.

რეალიზებული ელექტროენერგიის მოცულობის შემცირების მიუხედავად, “თელასს” 9.8%-ით, 397 მილიონ ლარამდე გაეზარდა შესასყიდი ელექტროენერგიის საფასური. სწორედ ეს გარემოება გახდა "თელასის" ზარალის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.

“თელასის” 2020 წლის შემოსავლები ასე ნაწილდება:

● შემოსავალი საყოფაცხოვრებო აბონენტებიდან - 163.6 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 0.2%;
● კომერციული და სამრეწველო აბონენტებისთვის დენის რეალიზაცია - 219.1 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 15%;
● სახელმწიფო სექტორზე დენის რეალიზაცია - 22.4 მილიონი ლარი.

ელექტროენერგიის გაყიდვით მიღებულ 411-მილიონიან შემოსავალთან ერთად კომპანიამ გასულ წელს GWP-ისგან და თბილისის დასუფთავების სამსახურისგან საბილინგო (სააღრიცხვო) სერვისებისთვის 21 მილიონი ლარის შემოსავალიც მიიღო. მთლიანობაში კომპანიის საოპერაციო შემოსავალი 432 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, რათა კომპანიას ხარჯები სრულად დაეფარა, რის გამოც “თელასმა” პანდემიური წელი ზარალით დაასრულა.

ელექტროენერგიის შესყიდვასა და განაწილებაზე დახარჯული 397 მილიონი ლარის გარდა, კომპანიამ 2020 წელს 59.2 მილიონის ხელფასები გასცა. ამასთანავე, ცვეთის და ამორტიზაციის ხრაჯები 15 მილიონ ლარს, გადასახადები კი 5 მილიონ ლარს შეადგენდა. ასევე “სხვა ხარჯების” სახით კომპანიამ 22 მილიონი ლარი დახარჯა, ფინანსური ხარჯები კი 11 მილიონ ლარს შეადგენდა.

ამ ფაქტორების გამო, 2020 წელს კომპანიამ 72.9 მილიონი ლარით იზარალა.

EY-ის მიერ მომზადებულ ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს “თელასმა” კონტრაქტი გააფორმა Fitch Ratings-თან და კომპანია წელს საქართველოს საფინანსო ბაზარზე ობლიგაციების გამოშვებისთვის ემზადება. “მოზიდული თანხებს კომპანია გამოიყენებს საერთო მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიებისა და მესამე პირების მიმართ დაგროვილი ვადაგადაცილებული დავალიანების დასაფარავად,”- ნათქვამია დოკუმენტში.

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, “თელასის” აქტივები 366 მილიონ ლარს შეადგენს. 2021 წლიდან კომპანიის მომხმარებლებისთვის გაზრდილი ტარიფები ამოქმედდა. უფრო დეტალურად კი საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ტარიფი საშუალოდ 24%-ით, ბიზნეს აბონენტებისთვის კი 55%-ზე მეტად გაიზარდა.

სს “თელასის” 75.11%-იან წილს რუსული ენერგოკომპანია Inter Rao აკონტროლებს. ამ კომპანიის ძირითადი აქციონერი კი რუსეთის სახელმწიფოა.

კომპანიის 24.5%-იან წილს 2020 წლის ოქტომბრამდე “საპარტნიორო ფონდი” ფლობდა, თუმცა, კომპანიის წილი $10 მილიონ დოლარად ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას კომპანიამ “ბესტ ენერჯი გრუპმა” იყიდა. ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ამავდროულად “თბილისი ენერჯის” ძირითადი მესაკუთრეა.

bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა