აშშ-სა და ევროპული მედიაციით შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტის შესვლა შერეულ სიგნალს აგზავნის - მარინა კალიურანდი
მინდა ძალიან გულახდილი, გულწრფელი და პირდაპირი ვიყო. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული მედიაციით შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტის შესვლა შერეულ სიგნალს აგზავნის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე საუბრისას მარინა კალიურანდმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. ევროპარლამენტარის თქმით, ეს შერეული სიგნალია ქართველი ხალხისა და საქართველოს მეგობრებისთვის.
„ერთი მხრივ, მე ვხედავ მზადყოფნას პარლამენტში შესვლაზე, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაწყებაზე და მეორე მხრივ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ არის დამატებითი მოთხოვნები და ახალი მოსაზრებები, შენიშვნები, სურვილები დოკუმენტთან დაკავშირებით. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, არ მგონია ეს რეალისტური იყოს. უაღრესად მნიშვნელოვანია დოკუმენტის ხელმოწერა და ხელმოწერა შეთანხმების იმ ტექსტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა წარმოადგინა და რაზეც არაერთი არჩეული პარლამენტარის ხელმოწერაა. კრიზისის დასრულების შემდეგ საქმეზე გადასვლაა საჭირო“, - განაცხადა კალიურანდმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოში რეფორმების გაგრძელებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობის დროა და თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ახლა თქვენ უნდა მოემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის. მთელი ყურადღების კონცენტრაცია უნდა მოხდეს მართლმსაჯულების რეფორმაზე, საარჩევნო კანონმდებლობაზე და არჩევნებისთვის მზადებაზე. არჩევნების შედეგები უნდა ასახავდეს ქართველი ამომრჩევლის არჩევანს. არჩევნებისთვის ქართველი პოლიტიკოსებიც უნდა მოემზადონ და ინფორმირებული ამომრჩეველიც. ამ არჩევნებს მთელი მსოფლიო დააკვირდება . ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები სამაგალითო იყოს, სამართლიანი, გამჭვირვალე, თავისუფალი,დემოკრატიული, მაღალი სტანდარტის დაცვით წარიმართოს და არავის ჰქონდეს დამატებითი კითხვები“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.