გახარია თავს არავის დასხმია, სამხარაძეს ყავა თუ დაალევინა, სხვა საკითხია, ვითხოვთ სრული ვიდეომასალის გასაჯაროებას - ბერდია სიჭინავა
რეჟიმს, რომელიც ახალ არჩევნებამდე და მარცხამდე კვირებს ითვლის, არ აქვს რესურსი იმისთვის, რომ გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავა პარტიის ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს რესურსი იმისთვის, რომ გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს.
„დიტო სამხარაძე არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ის არის დე ფაქტო პარლამენტის წევრი. მეორე, გიორგი გახარია თავს არავის დასხმია, ეს კადრებში ჩანს, არანაირი ფიზიკური თავდასხმა არ განუხორციელებია არავისზე, ყავა თუ დაალევინა სამხარაძეს, ეს სხვა საკითხია. მესამე, რეჟიმს, რომელიც ახალ არჩევნებამდე და მარცხამდე კვირებს ითვლის, არ აქვს რესურსი იმისთვის, რომ გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს. თუ ამ სიგიჟესაც გააკეთებენ, ამაზე ადეკვატური პასუხები იქნება.
იმდენად არარაციონალურ გადაწყვეტილებს იღებენ, რომ შეიძლება ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ, მაგრამ ეს მათ დასასრულს კიდე უფრო დააჩქარებს“, - განაცხადა სიჭინავამ.
როგორც სიჭინავამ თავდასხმის დეტალებზე საუბრისას აღნიშნა, გახარიაზე თავდასხმა მოხდა "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დავალებით.
„ეს ინციდენტი იყო ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მათ შორის, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაანონსებული. ფაქტები ქმნის სურათს. ერთი მოცემულობა არის ის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდი განსაკუთრებულად დაისჯებოდა, რადგან განსაკუთრებული ზიზღი ამოძრავებს ამ პოლიტიკური გუნდის მიმართ“,- აღნიშნა მან.
მისივე თქმით, პარტიის მოთხოვნაა თავდასხმის ამსახველი სრული ვიდეო-მასალის გასაჯაროება.
„ჩვენ ვთქვით, რომ სახელსა და გვარს არ დავასახელებთ, ამის პარალელურად ვაიდენტიფიცირებთ ყველა იმ ავტომანქანას და მასში მსხდომ ყველა ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტში იყვნენ ჩართულები. ისინი ელოდებოდნენ გიორგი გახარიას სასტუმროში მისვლას. მისვლისას, როდესაც გახარია სრულად მარტო იმყოფებოდა, ეს ლაჩრები, ჯამში, დაახლოებით 10 -მდე ადამიანი თავს დაესხა მას.
ჩვენ ვითხოვთ სრული ვიდეო-მასალის გასაჯაროებას, სადაც ნათლად ჩანს როგორც ხვდებიან გიორგი გახარიას და როგორც ახორციელებენ მასზე ფიზიკურ თავდასხმას.
ჩვენ სასტუმრო „ბათუმი შერატონს“ მივმართეთ მასალების გადმოცემის შესახებ . სასტუმროს ადმინისტრაციასთან ამ დროისთვის მიმდინარეობს კომუნიკაცია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მასალები გადმოგვეცემა. მასალები იქნება გასაჯაროებული, სადაც ყველა კითხვის ნიშანი იქნება მოხსნილი“, - განაცხადა სიჭინავამ.