შერმადინის ბრწყინვალე მატჩი სან პაბლო ბურგოსთან
გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ ლიგა ენდესას პლეიოფი გამარჯვებით გახსნა და პირველი რაუნდის პირველ შეხვედრაში „სან პაბლო ბურგოსი“ 86-78 დაამარცხა. მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო მეოთხედში გაირკვა.
„ლენოვო ტენერიფემ“ საწყისი 3 პერიოდი მეტოქეზე უკეთ ჩაატარა და გადამწყვეტ ათწუთეულს 11-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. „სან პაბლო ბურგოსმა“ ბოლო მეოთხედის სტარტზე გაქცევა მოაწყო და 2 ქულით დაწინაურდა კიდეც, თუმცა შერმადინის გუნდმა ლიდერობა დაიბრუნა და დამსახურებულად იმარჯვა.
???? @gioshermadini, nuestro #MVP en el importante triunfo de hoy pic.twitter.com/rVDX5r7NTH— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) June 1, 2021
ქართველმა კალათბურთელმა „ლენოვო ტენერიფეს“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. „შერმინატორმა“ პარკეტზე 22 წუთი და 4 წამი გაატარა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. გიომ 16 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გაიფორმა. შერმადინმა 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 24 გახლდათ, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი იყო და იგი მატჩის MVP გახდა. თად მაკფადენს რაც შეეხება, მან პარკეტზე 9 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და მხოლოდ 1 შედეგიან გადაცემას დასჯერდა.