ლარის კურსის გამყარება მალე აისახება იმპორტული საქონლის ფასებში - ნათია თურნავა
„ეკონომიკაში ყველაფერს თავისი თადარიგი და თანმიმდევრობა აქვს: პირველი არის ეკონომიკის ზრდა და გახსნა, რაც ჩვენ უზრუნველვყავით და ამას მოჰყვა ლარის კურსის სტაბილიზაცია, რაც მოსალოდნელი იყო. ეს პროცესი გამყარდება და გაგრძელდება. მესამე - სულ მალე, ლარის კურსის გამყარება და სტაბილიზაცია აისახება იმპორტული საქონლის ფასებში. ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით, კომპონენტი, რომელიც ლარის კურსს ეხებოდა, ამ ეტაპზე, აღმოფხვრილია და ძალიან მალე, ეს ითარგმნება ფასებსა და დაბალ ინფლაციაში.
„ლარის კურსის გამყარებას ორი ფაქტორი უწყობს ხელს: დადებითი მოლოდინები და რეალური ფაქტები, ახალი სავალუტო შემოდინება - სავალუტო გადმორიცხვები, ტურიზმიდან შემოსავლები, რომელიც დღიდან დღემდე იზრდება და ექსპორტი, რომელიც აპრილში 70%-ით გაიზარდა. მართლაც არის იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ეკონომიკა იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე ნავარაუდევი იყო. უპრეცედენტო მაჩვენებელია, როდესაც აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით, თვიური ზრდა 45%-ია. 2019 წლის აპრილთან შედარებით, 21%-იანი ზრდა გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ წელს არათუ მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს, არამედ, გადავაჭარბებთ 2019 წლის მონაცემებს და შესაძლებელია, რომ წლის ბოლოს 2-ნიშნა ზრდა გვქონდეს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას.