მსოფლიო ბანკი: გლობალური ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 5.6%-ს მიაღწევს
გლობალური ეკონომიკის ზრდა 2021 წელს სავარაუდოდ 5.6 %-ს მიაღწევს, რაც ბოლო 80 წლის განმავლობაში ზრდის ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია, ძირითადად რამდენიმე წამყვან ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის გამო. მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის ივნისის გამოცემას აქვეყნებს.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის ივნისის გამოცემის თანახმად, ბევრი განვითარებადი ქვეყანა კვლავ ებრძვის COVID-19 -ის პანდემიას და მის შედეგებს. აღდგენის მიუხედავად, წარმოების გლობალური მოცულობის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის პანდემიამდელ საპროგნოზო მაჩვენებლებზე 2% -ით ნაკლები იქნება. შემოსავლის დანაკარგები ერთ სულ მოსახლეზე ძველ ნიშნულს 2022 წლამდე არ დაუბრუნდება ფორმირებადი ბაზრის მქონე და განვითარებადი ქვეყნების ორი მესამედისთვის.
დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის პროცესი შეფერხებულია, პანდემიის ზემოქმედებამ სიღარიბის დაძლევის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებით მანამდე მიღწეულ შედეგებზე უარყოფითი გავლენა იქონია, დაამძიმა სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა და სხვა გრძელვადიანი გამოწვევები წარმოქმნა.
„გლობალური აღდგენის მიმართულებით არსებული ნიშნების მიუხედავად, პანდემია განაგრძობს სიღარიბის და უთანასწორობის გაღრმავებას მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.
მისივე თქმით, აუცილებელია გლობალურად კოორდინირებული ძალისხმევა ვაქცინის განაწილების დასაჩქარებლად და ვალის შესამცირებლად, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. „ჯანდაცვის მიმართულებით არსებული კრიზისის შემსუბუქებასთან ერთად, პოლიტიკის შემმუშავებლებმა რეაგირება უნდა მოახდინონ პანდემიის გახანგრძლივებულ ზემოქმედებაზე მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად“.
განვითარებული ქვეყნებიდან აშშ -ს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წელს სავარაუდოდ 6.8%-ს მიაღწევს, რაც ასახავს ფართომასშტაბიან ფისკალურ მხარდაჭერას და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას. სხვა მოწინავე ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი ასევე, თუმცა უფრო ნაკლებად მტკიცეა. ფორმირებადი ბაზრის მქონე და განვითარებად ქვეყნებს შორის მოსალოდნელია, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8.5 %-ს მიაღწევს, რაც ასახავს დაგროვილი მოთხოვნის უზრუნველყოფას. მთლიანობაში ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი წელს 6%-ს მიაღწევს, რაც გამყარებული იქნება მაღალი მოთხოვნით და გაზრდილი სასაქონლო ფასებით. თუმცა, აღდგენა ბევრ ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების ზრდით და ვაქცინაციის პროცესის პროგრესის ჩამორჩენით, ისევე როგორც ზოგიერთ გარემოებებში მხარდაჭერის შეწყვეტით ფერხდება.
ჩინეთის გარდა ქვეყნების ამ ჯგუფში მოსალოდნელია შედარებით მოკრძალებული ზრდა (4.4%). აღდგენის პროცესის მაჩვენებელი ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში 2022 წელს სავარაუდოდ 4.7% იქნება. და მაინც, სარგებელი ამ ქვეყნების ჯგუფში არ არის საკმარისი 2020 წლის რეცესიის დროს განცდილი ზარალის დასაძლევად. წარმოების გამოსავალი 2022 წელს სავარაუდოდ 4.1% -ს მიაღწევს, რაც დაბალია პანდემიამდე არსებულ საპროგნოზო მაჩვენებლებზე. შემოსავალი ერთ სულზე ბევრ განვითარებად ქვეყანაში სავარაუდოდ, ასევე პანდემიამდელ დონეზე ქვევით ჩამოვა და დანაკარგები გააუარესებს ჯანდაცვასთან, განათლებასთან და ცხოვრების სტანდარტებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ჯერ კიდევ COVID-19 -ის კრიზისამდე იყო მოსალოდნელი, რომ ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ფაქტორები იმპულსს დაკარგავდა, და ეს ტენდენცია პანდემიის დამაზიანებელი ზემოქმედებით სავარაუდოდ გაძლიერდება.
პროგნოზის მიხედვით, ზრდა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში წელს, 2020 წლის გარდა, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იქნება, რაც ნაწილობრივ ვაქცინაციის მეტად დაბალ ტემპს ასახავს. აღნიშნულ ქვეყნებში ზრდა სავარაუდოდ 2.9%- ით მოიმატებს 2021 წელს სანამ 2022 წელს 4.7%-მდე გაიზრდება. ამ ჯგუფის გამოსავლის დონე 2022 წელს პროგნოზის მიხედვით 4.9%-ს მიაღწევს, რაც პანდემიამდელ საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაბალია.