თეგებით ძიება

საფრანგეთი საქართველოს 483 მილიონი ევროთი დაეხმარება

დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მიეცემა 483 მილიონი ევრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მეცემა 483 მილიონი ევრო.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან 33 მილიონი ევრო არის გრანტი, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანმშრომლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. მას შემდეგ, რაც სააგენტომ 2017 წელს გახსნა რეგიონული ოფისი, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა. სააგენტოს პორტფელი ამჟამად დაახლოებით 480 მილიონ ევროს შეადგენს. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება.

მინდა ასევე მადლიერებით აღვნიშნო საფრანგეთის მთავრობის დახმარება, განსაკუთრებით, კოვიდპანდემიის პერიოდში და ახლა უკვე პოსტპანდემიის პერიოდში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გასულ წელს მივიღეთ 190 მილიონი ევროს დახმარება, რაც მთავრობას დაეხმარა პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში, როგორც სოციალური, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებაში. ასევე, მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 483 მილიონი ევროს დახმარების ფარგლებში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები განხორციელდება სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, ენერგეტიკის, კერძო სექტორის განვითარების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ირიგაციის, წყალმომარაგებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის თქმით, 2020 წელს საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს კოვიდის პერიოდში დახმარებას დაჰპირდნენ და ამ მიზნით 190 მილიონი ევრო გამოყვეს კიდეც. მისივე თქმით, საფრანგეთი საქართველოს პოსტპანდემიურ პერიოდშიც დაეხმარება.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ის დრო, როდესაც უნდა დავადასტუროთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრამა და დღის წესრიგი, დინამიური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა, ინვესტიცია განვახორციელოთ მდგრად და ინკლუზიურ განვითარებაში საქართველოში. ეს მემორანდუმი მნიშვნელოვანია მეგობრული სულისკვეთებისთვის, საქართველოსთვის და საფრანგეთისთვის, იმიტომ, რომ 3 წლის განმავლობაში, ეს არის ამბიციური პროგრამა. თქვენ სწორად ბრძანეთ ბატონო პრემიერო, რომ 150 მლნ ევრო იქნება წელიწადში, 3 წლის განმავლობაში, თანასწორ ნაწილებად და ასევე იქნება საგრანტო დაფინანსება, დაახლოებით 30 მლნ ევროს ოდენობით, ამ თანხის ზემოდან. მე მიმაჩნია, რომ ეს საოცარი საქმის შესრულებას შეგვაძლებინებს. ჯამში, ჩვენი მიზანი არის, რომ მოვახდინოთ დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, გავაძლიეროთ პროდასავლური გარემო საქართველოში, შევიმუშაოთ ფასეულობებზე დაფუძნებული მიმართულებები, საქართველოსა და საფრანგეთს შორის განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ საოცარი ამბები ხდება და მოხდება”- განაცხადა დიეგო კოლასმა.

შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულმა დირექტორმა სესილ კუპრიმ მოაწერეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა