თეგებით ძიება

პეტრე კოლხი - არ ვარ "ქსენოფობი", არც "ჰომოფობი"... ყველას აქვს უფლება, როგორც სურს ისე იცხოვროს

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ერთმანეთი როდის დავკარგეთ?! არც ისე შორეულ წარსულში… პირველი ხიდი აფხაზეთში ჩაგვიტყდა, მერე სამოქალაქო დაპირისპირებები, მერე სამაჩაბლო, მხედრიონელობა, ძმათა შორის სისხღვრა და ღალატი…
დავშორდით ერთმანეთს, გავუცხოვდით ერთმანეთისთვის, გავწირეთ ერთმანეთი უერთმანეთობისთვის…
იმდენად ჩავბეტონდით ყოფით პრობლემებში, იმდენად დავემსგავსეთ ძეგლებს, ზომბებს, რობოტებს, თითქოს საკუთარი ვინაობაც დაგვავიწყდა… მით უფრო ამ პატარა, მაგრამ უზარმაზარი ერის წარსული…
რამდენიმე დღის წინ, ,,Facebook” გვერდს ჩამოვყევი და უცხო მიწაზე მყოფი ქართველი ემიგრანტების მიერ შესრულებული ,,აჭარული” ,,ამომიხტა”… შევჩერდი, დავაკვირდი, გავხსენი, ყურება დავიწყე, მინდოდა დიდხანს გაგრძელებულიყო და დამთავრდა… მერე მრცხვენია, მაგრამ უნდა ვთქვა, ავღრიალდი… ყველაფერი ადამიანური გამახსენდა… ტკივილით და ცრემლებით დაწერილი ისტორიის მივიწყებული ფურცლები მომაწვა ყელში და დიდი ხნით ჩავიკარგე…
არ ვარ ,,ქსენოფობი”, არც ,,ჰომოფობი” და ზოგადად ვთვლი, რომ არავითარი ფობია არ მახასიათებს… პატივს ვცემ სხვის უფლებებს, ყველას აქვს უფლება, როგორც სურს ისე იცხოვროს, ვთვლი, რომ არავინ არავის უვარდება სახლში, მით უფრო საწოლში და არავინ კონტროლდება. ასეც უნდა იყოს…
ჩემი, ერთი ადამიანის გულისტკივილი მაწუხებს, მანგრევს… ვფიქრობ ორივე მხარე ერთმანეთს ჯიბრში უდგას და ისედაც დაძაბულ ფონს უფრო ძაბავს…
სამი დღეა თითქმის ყველა ტელევიზია მირეკავს და არსად მივდივარ… განა არ მაქვს სასაუბრო, პირიქით, უამრავი…
ცოტა ზემოთ ,,აჭარული” ვახსენე, უცხო ცის ქვეშ სამშობლო მონატრებული ქართველების მიერ შესრულებული ჯარღვიანი ,,აჭარული”… ამ ვიდეო რგოლმა სიამაყის, სიძლიერეს, ჩემი ქვეყნის სიყვარულის ცრემლებით ამატირა…
იმავე დღეს ლგპტ თემის ერთ-ერთ წევრს სოციალურ ქსელში წავაწყდი, ქართველების სათაყვანებელ სიმღერას, (ლადო ასათიანის ლექსზე ,,სალაღობო”, ), აშარჟებდა… ქილოკობდა, იგდებდა… მაშინაც ცრემლი მომერია, ტკივილის და გაუცხოების ცრემლი… ჩემთვის ესეც ძალადობა იყო…
ჩემ გამორჩეულ, განსაკუთრებულ, ფასდაუდებელ კულტურაზე ძალადობა…
ყველა თავის უფლებას დაიცავს… ერთი მხარე შეიძლება ფიზიკურად ძალადობდეს, მეორე მორალურად, სულიერად, ფსიქოლოგიურად… არ აქვს მნიშვნელობა, ორივე ძალადობაა…
აფხაზეთი დავკარგეთ, სამაჩაბლოც… ერთმანეთსაც ვკარგავთ…
9 აპრილის ბაღში ისევ ვომობთ, რუსული ტანკების და იარაღის გარეშე… ერთმანეთის წინააღმდეგ ვომობთ, საკუთარი უფლების დაცვის სახელით…
ერთი ამბობს, რატომ არღვევ ჩემ უფლებას, მეორე კითხვას კითხვით პასუხობს, შენ რატომ არღვევ ჩემსას?!
ალბათ იმიტომ, რომ ბოლომდე არც ერთმა მხარემ არ იცის რა არის უფლება და როგორ დავიცვათ იგი!..", - წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა