"ქართული შტამი" - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კოვიდპანდემისათან დაკავშირებით საუბრობს და მოსახლობას აფრთხილებს. მისი თქმით, შეცდომებზე საქართველომ ვერაფერი ისწავლა, ქვეყნის ჩაკეტვა-გახსნაც ყოველგვარი გეგმის გარეშე ხორციელდება.
ფხაკაძე იმასაც არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის "ქართული შტამიც" გაჩნდეს.
"არ ვისწავლეთ შეცდომებზე. წელსაც არჩევნებია. ვაკეთებთ იმავეს, რასაც შარშან, ოღონდ უარეს ფორმებში. ხდება წინასაარჩევნოდ ხალხის მობილიზაცია, შეხვედრები - ისე იქცევიან, თითქოს ვირუსი საერთოდ არ არსებობს. ჩვენ ამის ფასს გადავიხდით.
ქვეყანაში შეზღუდვები მოიხსნა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში ვაქცინა ჩამოტანილი არ იყო. ჩვენ მივდივართ ჯოგური იმუნიტეტის გზით. მსოფლიოში ყველა მეცნიერი ამბობს, რომ ჯოგური იმუნიტეტი არ მუშაობს. ჩვენ ყველაფერს ისე უკუღმა ვაკეთებთ, შეიძლება, ქართული შტამიც მივიღოთ. ჩვენსავით არც ერთი ქვეყანა არ იქცევა", - აცხადებს ფხაკაძე.
ამასთან, ფხაკაძე მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ და ხალხმრავლობებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მისი რჩევაა სუფთა ჰაერზე ყოფნა და რაც შეიძლება ბევრი მოძრაობა.