თეგებით ძიება

"ქვეყანა სავსეა დედობაგაუცნობიერებელი დედებით, მამობაგაუცნობიერებელი მამებით...კეთილ უნდა ინებო, დათმო საკუთარი თავი" - რას წერს ახალგაზრდა დედა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ახალგაზრდა დედა, სვეტა ცხაკაია მშობლის როლზე ფეისსბუქზე წერს:

"სოფელი საუკეთესო ადგილია ფიქრისთვის. ეს დღეები, რაც ლაზარესთან და ბებოსთან ერთად სოფელში ვარ, ბევრს ვფიქრობ იმაზე, რომ აგრესია და ძალადობა, რაც საზოგადოებაშია დაგროვილი, დანგრეული ოჯახების კისერზეცაა. ბევრი ამბობს, რომ განათლების დეფიციტია ძირითადი მიზეზი, მაგრამ განათლებული მოძალადეც რომ ბევრია?

მე, სამწუხაროდ, დანგრეულ ოჯახში გავიზარდე და კარმის ნაწილია ალბათ, რომ ჩემს შვილსაც იგივე უხდება. რას სწავლობენ დანგრეულ ოჯახებში გაზრდილი ბავშვები? ახალს არაფერს გეტყვით: კარგს ვერაფერს. მაგრამ მე უფრო ოჯახის ნანგრევებში გატარებული მათი ბავშვობა მაქვს მხედველობაში; უმეტეს შემთხვევაში და განსაკუთრებით ჩვენთან - თავიანთ მარტოხელა დედებს რომ უყურებენ, ყოფას მარტოშეჭიდებულ, პრობლემების ძირითად შემთხვევებში - ვერგადამჭრელ და უმწეობისგან დაბოღმილ, პირგამეხებულ დედებს. ამ დროს ბავშვის აღქმაში მამა კი არაა დამნაშავე - მთელი სამყაროა დამნაშავე და ამ სამყაროზე ბოღმას იდებს გულში. სამყაროზე, რომელმაც ვერ უზრუნველყო მისი ბედნიერი ბავშვობა, დედამისის სილაღე და სილამაზე.

ქვეყანა სავსეა დედობაგაუცნობიერებელი დედებით, მამობაგაუცნობიერებელი მამებით. ბევრს ვფიქრობ: როდისაა დედობისთვის საუკეთესო დრო? როდისაა საუკეთესო ასაკი, როცა მზად ხარ, სრულიად ახალ ადამიანზე აიღო პასუხისმგებლობა ამ სამყაროში?? დღეს რომ ვაკეთებდე ამ არჩევანს, კიდევ შორს, ძალიან შორს გადავწევდი ჩემგან ამ ასაკს. იქამდე, სანამ არ დავრწმუნდებოდი, რომ მატერიალურთან ერთად ყველაზე დიდი რესურსი: ჩემი დროის ყოველი წუთი მაქვს ამისთვის მზად!

მაგრამ დროის მანქანა ჯერ არ გამოუგონიათ, რომ უკან დაბრუნდე: ადრეულ ასაკში (ან მერეც) გადადგამ გაუცნობიერებელ ნაბიჯს და ცოტა ხანში რჩები მარტო შენზე მოწებებულ შენსავე ნაწილთან - იმ გზის გასავლელად, რომელიც ჯერ მარტოს უნდა გაგევლო, შენი წილი სიკეთე და სიავე გენახა და მერე გადაგეწყვიტა, ხარ თუ არა მზად ამისთვის.

როცა უკვე გვიანია, კეთილ უნდა ინებო, დათმო საკუთარი თავი და შენი ცხოვრების ყოველი წუთი იმ მოცუცქნული არსებისთვის, რომელიც, სხვათაშორის, აღარაა უკვე მოცუცქნული.

და, რაც მთავარია, ყოველ წუთს უნდა იღიმებოდე: იმიტომ, რომ შვილს, რომელსაც ნანგრევებში ზრდი, მხოლოდ გამუდმებული ღიმილით თუ დაარწმუნებ, რომ ყველაფერი გენიალურადაა!", - წერს ახალგაზრდა ქალი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა