ახლა მტყუან-მართლის გარჩევა ყველაფერს აზიანებს - გია ხუხაშვილი ხაზარაძე-გახარიაზე
ვფიქრობ, რომ ეს მოლაპარაკებები 1 თვით ადრე რომ დაწყებულიყო, ამ ერთობის შანსები ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა. დაგვიანდა უბრალოდ - ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრებით, „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შეთანხმების არ მიღწევის მიზეზია ცოტა დრო და მხარეებს შორის ნდობის არ არსებობაა.
როგორც ექსპერტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, იმის გარჩევა თუ ვინ არის მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებელი, ყველაფერს აზიანებს.
„ადამიანებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. მოლაპარაკებები ზოგჯერ შეთანხმებით მთავრდება, ზოგჯერ არა. ასეთი რამ ხშირად ხდება. მტყუან-მართლის გარჩევა ყველაფერს აზიანებს. ასეთ დროს ვერავინ დაამტკიცებს ვის მხარეს არის ჭეშმარიტება. მიმაჩნია, რომ პოლემიკაში შესვლა არის დიდი შეცდომა და თვითდაზიანებას იყენებ ამ დროს.
შეთანხმება კარგი იქნებოდა, ეს სინერგიას მოგვცემდა, დაახლოებით 5%-იანს. დღევანდელ კვლევაში გამოჩნდა, რომ გაერთიანების შემთხვევაში მათი ჯამური მაჩვენებელი 5%-ით მეტი იქნებოდა, ვიდრე ცალ-ცალკე.
მე, მათთან მქონდა კომუნიკაცია, თუმცა კომუნიკაციის დეტალებს ვერ გაგიხსნით. გეტყვით, რომ მათში ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით სკეპტიციზმი არსებობდა, მაგრამ ვანახეთ, რომ პრეზიდენტი ჩაერთო ამ პროცესში. ჩემი აზრით, მოვლენების ასე განვითარების მიზეზი არის ის, რომ ამ ტიპის მოლაპარაკებებს სერიოზული დრო სჭირდება. ასე მარტივი არ არის პარტიების გაერთიანება. როდესაც სიების წარდგენამდე 1 კვირაა დარჩენილი, ამან პროცესში ფსიქოლოგიური დაძაბულობა შეიტანა. მხარეებს შორის ნდობა რომ არ არსებობს ვიცით. ნდობა არ არსებობს და ცდილობ, რომ ყველა დეტალი გაანალიზო, ამისთვის კი დრო არ გყოფნის. ამ დროს კი, გარე მხრიდან ძლიერი პრესინგია“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილის შეფასებით, ის, რომ "ძლიერი საქართველოს" "შტოები სხვადასხვა აზრზე იყვნენ", ამან უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა და საბოლოო ჯამში, შეთანხმება ვერ შედგა.
„საფუძვლიანად შეგვიძლია გამოვთქვათ ეჭვი, რომ ამ პროცესიის ირგვლივ უცნაურობები ხდებოდა. იგივე, როდესაც კოალიცია მანდატს აძლევს თავის ლიდერს, რომ დაჯდეს მოლაპარაკებებზე და ამ დროს კოალიციის რომელიღაც სუბიექტები პარალელურად იწყებენ უცნაურ საუბრებს, აქ ჩნდება კითხვა: რამდენად აკონტროლებ კოალიციას? ეს არ არის მთავარი ფაქტორი, მაგრამ ძაბავდა ემოციურ ფონს. უნდობლობას კიდევ უფრო აღვივებდა და საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რომ შეთანხმება ვერ შედგა. ვფიქრობ, რომ ეს მოლაპარაკებები 1 თვით ადრე რომ დაწყებულიყო, ამ ერთობის შანსები ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა. დაგვიანდა უბრალოდ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.