თეგებით ძიება

პროკურორის განცხადებით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული. ამის შესახებ საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან, ტაქსის მძღოლის ჩვენების საფუძველზე განაცხადა.

ნიშნიანიძის განმარტებით, მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რასაც მოწმეების ჩვენება და გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს.

პროკურორის თქმით, ბრალდებული კესარია აბრამიძეს უკრძალავდა სხვებთან კონტაქტს, არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობის საშუალებას და არც იმის უფლებას, რომ მათი ურთიერთობის შესახებ საჯარო ინფორმაცია გავრცელებულიყო.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარისნშუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებული იქნა პატიმრობის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებასა და მოპოვებულ მტკიცებულებებს, უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიებას ამ ეტაპზე გამოკითხული ჰყავს ათეულობით მოწმე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარებული აქვს ათეულობით საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, რომელთა ჩატარების შედეგად მიღებული იქნა მნიშვნელოვანი ინფორმაციები, მათ შორის, ამოღებული იქნა ვიდეო ჩანაწერები, ჩატარებული იქნა ექსპერტიზები და ამოღებული იქნა ის ნივთიერი მტკიცებულებები, რომელშიც, შესაძლოა, ინახებოდეს საქმისათვის გარკვეული მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ფაქტორები.

გამოძიება გრძელდება, საგამოძიებო ორგანოს ჩასატარებელი აქვს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, შესამოწმებელია ყველა ის ვერსია, რაც მოცემულ სისხლის საქმესთან დაკავშირებით იქნა გაჟღერებული და ბუნებრივია, დარწმუნებულები ვართ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მოპოვებული მტკიცებულებებით სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს და საკადრის პასუხს გასცემს კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას და უვადოდ თავისუფლების აღკვეთას განუსაზღვრავს ბრალდებულს.

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძის მიერ ბრალდებულისა და მისი ფოტო-სურათების გავრცელება იყო ბრალდებულის თანხმობის საფუძველზე იმის სანაცვლოდ, რათა ბრალდებული შეხვედროდა კესარია აბრამიძეს და სისრულეში მოეყვანა ის განზრახვა, რაც მას განზრახული ჰქონდა მაშინ, როდესაც შეიძინა დანა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე. ბრალდებულს წინასწარ განზრახული ჰქონდა მისი მოკვლა, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში.

განზრახვას ადასტურებს თუნდაც ეს ერთი ფაქტობრივი გარემოება, რაზეც მიგანიშნეთ, განზრახვას ადასტურებს ასევე ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც გამოკითხვის ოქმშია და მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების აუდიო-ვიდეო ამსახველი ჩანაწერი, სადაც ის აღიარებს და ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სურდა, სიცოცხლე მოესპო მისთვის“, - განაცხადა პროკურორმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა