თეგებით ძიება

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე - ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში "ქართული ოცნების" მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლას შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე.

დიპლომატიურუ უწყება, მოუწოდებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები.

"გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური ჩიხის დასრულება.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა ითანამშრომლოს პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის მისაღწევად.

მოქმედი, სტაბილური დემოკრატია არის მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს თბილისი პრაიდის დროს მაუწყებელ ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე.

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების სერიის განხორციელება.

გაერთიანებული სამეფო, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს გამოიყენოს შესაძლებლობა და განავითაროს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც აუცილებელია სტაბილურობისა და გარე საფრთხეებისადმი გამძლეობის გასაუმჯობესებლად", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" ევროპული საბჭის პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ განაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა