თეგებით ძიება

სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობის მიმართ და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი კვლავ გაერთიანდებიან - ნედ პრაისი

სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობის მიმართ და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი კვლავ გაერთიანდებიან, - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წლის გასვლას.

ნედ პრაისი მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს.

"13 წლის წინ, ამ დღეს, რუსეთის ძალები შეიჭრნენ საქართველოში, დახოცეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ათასობით ადამიანი აიძულეს, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. ახლაც კი, რუსეთის ძალებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%.

რუსეთის ოკუპაციას ტრაგიკული ადამიანური საფასური მოჰყვა, განსაკუთრებით "კოვიდ-19"-ის პანდემიის დროს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის უწყვეტი დაბრკოლება სიცოცხლის საფასურად უჯდებათ და ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.

მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობის მიმართ და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი კვლავ გაერთიანდებიან", - აცხადებს ნედ პრაისი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან დღეს 13 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსული აგრესიის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.
იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია.

ცეცხლის შეწყვეტიდან მალევე, კრემლმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და განახორციელა მათი ოკუპაცია. საქრთველოს ამ ტერიტორიებს რუსეთი დღემდე აკონტროლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა