თეგებით ძიება

მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არასოდეს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ - პრემიერი აგვისტოს ომზე

მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არასოდეს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ,ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა. სადაც მან დაღუპილ გმირებს პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, აგვისტოს ომზე პოლიტიკურ პასუხიმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება, ხოლო „ქართული ოცნება“ გონივრული, მიზანმიმართული პოლიტიკით ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო გამთლიანდეს.

ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობას არჩეული აქვს პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა ოკუპაციის დასაძლევად, დეოკუპაციის მისაღწევად.

"13 წელი გავიდა აგვისტოს ომის ტრაგიკული დღეებიდან. ჩვენ ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს, ჩვენს ხალხს. ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე მათი ხსოვნის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე ქედს ვიხრით. ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა გმირულად გაწირეს თავი ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დასაცავად. ბევრი ოჯახი გაუბედურდა, როდესაც მათ მშობლებს ვესაუბრებით კიდევ ერთხელ გვახსენდება, თუ რაოდენ მძიმეა ტკივილი და მოუშუშებელია იარა, რომელიც აგვისტოს ომმა მოუტანა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. გამოუსწორებელი შედეგები დადგა აგვისტოს ომის შემდეგ. ქვეყანაში დაკანონდა ოკუპაცია. ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.

მე აქ გარდაცვლილი ოჯახების, ჩვენი გმირების წინაშე აღარ მინდა ვილაპარაკო იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება წინა ხელისუფლებას. ამის თაობაზე ჩვენ გავაკეთეთ შეფასება და ვერდიქტი გამოტანილი აქვს ქართველ ხალხს, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არასოდეს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ. ეს არის ჩვენი ვალი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დავიცვათ ჩვენი ხალხი, ყოველი აგრესიისგან, დამპყრობლებისგან და ოკუპანტებისგან - ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. მთლიანობაში ჩვენი საზრუნავი ახლა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, გამთლიანება. ჩვენ არჩეული გვაქვს პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა ოკუპაციის დასაძლევად, დეოკუპაციის მისაღწევად. ამას სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, ამას სჭირდება გონივრული პოლიტიკა. ჩვენი მმართველობის პერიოდი გამორჩეული არის იმითაც, რომ ჩვენ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ავარიდეთ კიდევ უფრო მეტი ესკალაცია, მეტი სირთულეები და ავარიდეთ ომი და ის ნგრევა, რაც მოაქვს ომს. ჩვენი მიზანმიმართული, თანმიმდევრული და მშვიდობიანი პოლიტიკით მე მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან დღეს 13 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსული აგრესიის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.
იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია.

ცეცხლის შეწყვეტიდან მალევე, კრემლმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და განახორციელა მათი ოკუპაცია. საქრთველოს ამ ტერიტორიებს რუსეთი დღემდე აკონტროლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა