თეგებით ძიება

"ეპიდსიტუაცია საგანგაშოა" - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, თვლის, რომ შზღუდვები ნაადრევად იქნა მოხსნილი, რის შედეგსაც ქვეყანა ახლა იმკის.

ის მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ როცა ინფიცირებული და ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი იზოლაციის წესს არღვევს და გარეთ გადის, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

"ეპიდსიტუაცია საგანგაშოა. ბოლო მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე 88 ახალი შემთხვევით საქართველო­ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა. ქვეყანაში იმუნიზაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, შესაბამისად, მაღალია ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანებისა და, სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობაც. ახლა ქვეყანაში 38 000 აქტიური შემთხვევაა­ - ამდენი მეორე ტალღის დროსაც არ ყოფილა; 6 500-ზე მეტი საავადმყოფოში წევს, 1200 კი მძიმე პაციენტია. ეს ძალიან საყურადღებო ციფრებია. ყველა კლინიკაში კოვიდინფიცირებულთა 99.9% აუცრელია, შესაბამისად, ხელოვნური ფარის გარეშე, მათი ვირუსთან ბუნებრივად შეხვედრისას სიკვდილობის მაჩვენებელი 1.5%-ია, ეს კი ნიშნავს, რომ 1 000 დაავადებული ადამიანიდან 10-15 გარდაიცვლება.

დელტა, იოტა, ლამბდა... ბევრი შტამი გაჩნდა მსოფლიოში, მაგრამ ვაქცინაციითა­ და რეგულაციებით ბალანსის დაცვას ახერხებენ. სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ ეს ოქროს შუალედი ვერ იპოვა. ჯანმო იძლევა რეკომენდაციებს: 1. 30%-ის აცრის მერე მოხსენით რეგულაციები; 2. 40%-ის აცრის შემდეგ ცოტა მშვიდად იგრძენით თავი; 3. 60%-ს რომ აცრით, მერე თქვით, რომ მდინარის მეორე მხარეს ხართ. ჩვენმა ქვეყანამ მოხსნა ყველა შეზღუდვა: ღამით გადაადგილება, ღია სივრცეში პირბადის ტარება და სხვა, შედეგები კი ახლა გამოჩნდა.

ეკონომიკური სიდუხჭირე მთელი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა და ამდენ ხალხს უსამსახუროდ ვერ დატოვებ. ეს ყველას კარგად გვესმის, ამიტომ ისეთ ღონისძიებებს ვითხოვთ, რომელთა აღსრულება საზიანო არავისთვის იქნება: პირბადის გამოყენებას შენობის შიგნით, ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვას...

ვაქცინაცია მნიშვნელოვანი პროცესია, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ იმუნიტეტი ყალიბდება მეორე დოზიდან 10-14 დღის შემდეგ, სწორედ ამიტომ, თუ პირბადეს არ გამოვიყენებთ და ხალხმრავალ შეკრებებზე უარს არ ვიტყვით, ეპიდემიის პიკი გახანგრძლივდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემოდგომით ყველა რესპირატორული დაავადება მწვავდება, რადგან ადამიანები, სიცივის გამო, გარეთ ყოფნის­ ნაცვლად მეტ დროს სახლში ატარებენ და ვენტილაციაც ირღვევა. ამ მიზეზით შეიძლება ჩვენთან მეოთხე და მეხუთე ტალღები ერთმანეთს გადაებას. მეხუთე ტალღის პრევენციისთვის, რომელიც შემოდგომაზე იქნება, ერთადერთი იარაღი გვაქვს - რაც შეიძლება მეტი ადამიანი ავცრათ, რომ თვე-ნახევრის, ორი თვის შემდეგ ნახევარი მილიონი მაინც იყოს ორჯერადად აცრილი. ახლა დღეში 19-20 ათასი ადამიანი იცრება. გვაქვს შესაძლებლობა, აგვისტოს მეორე ნახევრიდან ყოველდღიურად 25-30 ათასი ადამიანი ავცრათ, რაც ერთ თვეში მილიონ აცრას, ანუ ნახევარი მილიონი­ ადამიანის ორჯერადად აცრას ნიშნავს, ეს დიდი წარმატება იქნება.
მთავარი პრობლემაა ხალხმრავალი შეკრებები და სწორედ აქ უნდა მივიღოთ კატეგორიული გადაწყვეტილებები.

რესტორანს, რომელიც ვინმეს ქორწილის გადახდის ნებას მისცემს, უზარმაზარი ჯარიმა უნდა დაეკისროს.

დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ადამიანებს, რომელთაც მსუბუქი დაავადება აქვთ. ახლა 38 000 ადამიანია ავად, აქედან 6 500 კლინიკაშია, ე.ი. 31 500 სახლშია. ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი ავადმყოფობის მე-3-მე-4 დღეს (როცა ტემპერატურა აღარ აქვთ) რეგულაციის პირობებს არღვევს - გარეთ გამოდიან, ჰაერი ხომ გვინდაო და დასეირნობენ, სასურსათო მაღაზიებში შედიან, ტრანსპორტში ადიან... ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის და­რღვევა (შესაბამისი მუხლი 2020 წლის აპრილში თუ მაისში დაემატა). თუ ავადმყოფი თვითიზოლაციის წესს არღვევს, ეს სისხლის სა­მა­რთლის დანაშაულია!­ ასეთი ხალხი ავრცელებს ინფექციას.

სახელმწიფომ მორალური პასუხისმგებლობა შეიმსუბუქა - რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, ა ბატონო, ვაქცინა მოგიტანეთ და თუ 45%-ს აცრა არ უნდა, ,,რაც მოგივა დავი­თაო, ყველა შენი თავითაო", პასუხისმგებლობა მოსახლეობას გაუნაწილა. სიმართლე გითხრათ, ამას ვეთანხმები:­ თუ აცრა არ გინდა, პირბადე არ გინდა და იზოლაციის წესებს არ დაიცავ, მაშინ საკუთარ თავსაც უნდა დააბრალო, თუ რამე დაგემართება" - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა