თეგებით ძიება

"საქართველოში შეძლებს კი ვინმე ამ დონის მამხილებლობას, აქაური ელიტებისა და საკუთარი თავის ასე გაპარტახებას?" - ბაია პატრაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია თომას ბერნჰარდის წიგნს "ტყის ჩეხა" სოციალურ ქსელში განიხილავს:

"ეს წიგნი ჩემი საყვარელი წიგნი არ არის. საერთოდაც, ვჭოჭმანობდი, დამეწერა თუ არა პოსტი, ვწერ მათთვის, ვისაც საინტერესო ლიტერატურა აინტერესებს. საინტერესო კი ფორმით ნამდვილად არის "ტყის ჩეხა". ერთ ყურებიან სავარძელში მჯდომი კაცის ფიქრებია, ფიქრები და ფიქრები. ანუ ექშენი და მოქმედება მინიმალურია. ეს ფიქრებიც რანაირია იცით? ტალღებივით, მიქცევა-მოქცევისნაირი, ანდაც სულაც ბოლეროსნაირი. ტექსტში ისედაც ბევრი წერია ბოლეროზეც. მოკლედ, ერთი და იგივე მეორდება და ინტენსიურობა იზრდება. ჰოდა, ალბათ საინტერესოა რა არის ეს ერთი და იგივე, რომელიც მეორდება, ანუ რაზეა წიგნი? ეს წიგნი ზიზღზეა. არა სიძულვილზე, არა ბოღმაზე, არა სხვაგვარ ბოროტებასა თუ სიკეთეზე - ეს წიგნი მხოლოდ ზიზღზეა, როგორც წამყვან ემოციასა თუ პოზიციაზე.

ვინმე იკითხავს, ზიზღზე წიგნი რა წასაკითხიაო და ვინც ჩემსავით კარგად იცნობს ამ გრძნობას, თუ უნდა, ნუ წაიკითხავს. მოდი ამ ზიზღის გენეზისზე ვისაუბროთ. 1. სიყალბე, 2. სიფარჩაკე, 3. არასწორი ღირებულებების ქონა ზოგადად. ზიზღის ანატომიას კარგად იცნობს მწერალი. ეს ავტორი ისე გამალებით დასდევს კუდში სიყალბეს, (სხვათაშორის კნაუსგორის "ჩემ ბრძოლაშიც" გვხვდება სიყალბეზე ჩაჭიჭინება), რომ ყველგან მას ხედავს. სიყალბეს ხედავს არა მხოლოდ ვენის მაღალ საზოგადოებაში, ან ხელოვნებისათვის თავმიძღვნილთა შორის, ან ელიტარულობის ჟინის მქონე ხალხში, არამედ სიყალბეს ხედავს მთელ მაღალ კლასში და საკუთარ თავშიც. საკუთარი თავისა თუ ახლობელი ადამიანების ზიზღი, საბოლოოდ სუფთა ზიზღი ვერ იქნება, ამიტომ წიგნის ბოლოს ვიღებთ ზიზღში გადაზელილ სიყვარულს, რაც ერთობ უგვანი და ტრაგი-კომიკური სანახაობაა.

მე ვამბობ ეს წიგნი ზიზღზეათქო, თორემ ტექსტი სულ ხელოვნებაზეა. ავტორი ძალიან საინტერესოდ იკვლევს შემოქმედებითობას, როგორც ასეთს და ხელოვნებისადმი სწრაფვას და აქაც სრულიად დაუნდობელია. ბერნჰარდმა იმდენად რელისტურად წერა რეალურ პირებსა და მოვლენებზე, რომ უდიდესი სკანდალი გამოიწვია ვენაში და პერსონაჟების პროტოტიპები უჩიოდნენ კიდეც ავტორს. საინტერესოა, საქართველოში შეძლებს კი ვინმე ამ დონის მამხილებლობას, აქაური ელიტებისა და საკუთარი თავის ასე გაპარტახებას? ერთი ორი ქართველი ავტორი, ჯერ კიდევ ილიადან მოყოლებული, მახსენდება, თუმცა ბერნჰარდთან მამხილებლობა პიკს აღწევს და დიდ გაღიზიანებას იწვევს მკითხველში, განსაკუთრებით მათში, ვინც თავს ამოიცნობს", - წერს პატარაია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა