თეგებით ძიება

"ღრმად მოხუცი კაცი შეიყვანეს კლინიკაში...უმწეო თვალებით უყურებდა საკაცეს ჩაფრენილ მედმუშაკებს, რომლებსაც აზრად არ მოსდიოდათ, რომ..." - ემოციური ისტორია

პედაგოგი, ნანა ბეკოშვილი მხცოვან პაციენტზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ღრმად მოხუცი კაცი შეიყვანა კლინიკაში. შავი განიერი შარვალი ეცვა მოხუცს და შარვლიდან ამოწვერილი გამხდარი მუხლები ყავარჯნის თავებივით მოეხარა. ცისფრად დაძარღვული წვრილი მაჯები უღონოდ გადმოეყარა გორგოლაჭებიანი საკაციდან. ყავისფერი ბასანოჩკები ეცვა, კაცებს რომ აცვიათ ხოლმე ზაფხულობით. ეტყობოდა, რომ მთლად ახალი იყო ეს ბასანოჩკები, ან მხოლოდ ერთხელ ჩაცმული, ან - ისიც არა. ალბათ, ცოლმა უყიდა მრავალი წლის წინ, იქნებ, რომელიმე შვილმაც. ბევრი ბევრი, შვილიშვილის დაბადების დღეზე სცმოდა. იქნებ, სულაც პირველად საავადმყოფოში დასჭირდა და ოჯახმაც სანაქებოდ გამოუტანა, ფეხზე მოარგო და წამოსვლისას მალე გამოჯანრთელება უსურვა. მიჰყავდათ კლინიკის დერეფანში გამხდარი, ახალბასანოჩკებიანი მოხუცი. სათუთად შემოხვეოდა ფეხსაცმელი მოხუცის გამხდარ, ძალიან გამხდარ ტერფებს. უმწეო თვალებით უყურებდა საკაცეს ჩაფრენილ მედმუშაკებს, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ ასეთ შემოხედვებს, სიცოცხლესჩაბღაუჭებულ შემოხედვებს და აზრად არ მოსდიოდათ, რომ კაცს სულ პირველად ეცვა ახალი ბასანოჩკები და ისიც საავადმყოფოში. სად ეცალათ იმაზე ფიქრისთვის, რომ ღრმად მოხუცებს ერთი ხელი ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ყოველთვის აქვთ გადანახული.

ერთგულად მისდევდნენ მოხუცს ეს ახალი, პრიალა, უტყვი მგზავრები და თან პატრონის მჩატე ტერფებზე გაცილებით მძიმე სევდას მიიყოლებდნენ. საავადმყოფოს კედლებს არ სცალიათ ხოლმე ასეთი ჩუმი და მშვიდი სევდების დასანახად. მათ ხომ უფრო დიდი და მყვირალა პრობლემები აქვთ.
ან კი, სხვას ვის სცალია...", - წერს ნანა ბეკოშვილი ფეისბუქზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა