თეგებით ძიება

"ნიკა შეიწირეს ადამიანებმა, რომელთათვისაც სიყვარული უცხო იყო, ხოლო ძალადობა - ახლობელი" - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს სოციაკურ ქსელში ეხმაურება:

"სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ შემძრა უნიჭიერესი ბიჭის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობამ.
სამართალდამცავთა განცხადებით, მკვლელობა გახსნილია და ეჭმიტანილებად 22 წლის ა.ჭ. და 23 წლის გ.კ. დაასახელეს.
ამდრომდე მკვლელობის ოფიციალური მოტივი უცნობია. ვარაუდით კი ის ნიკას მამის კრიმინალურ წარსულს უკავშირდება.
ეს დღეებია, ვერ ამოვხსენი, რატომ გახდა უდანაშაულო ბიჭი უსამართლო სისასტიკის მსხვერპლი.
თანაც, საინტერესოა, რომ თვით კრიმინალთა მორალისთვის მიუღებელი შურისძიებაა.
ბევრი შეკითხვა მაქვს იმის გამოც, საიდან ჰქონდათ მკვლელებს ცეცხლსასროლი იარაღი. რა გარანტია არსებობს, რომ სხვებიც არ არიან შეიარაღებულნი?
დამაფიქრებელია ის აგრესია და სიძულვილი, რაც ასეთი პატარა ასაკის მოქალაქეებშია.

ეს ხომ ნიშნავს, რომ ისინი ძალადობრივ გარემოში იზრდებიან, უფროსებისგან სწავლობენ სისასტიკეს, რომელიც შემდეგ ცხოვრების ნორმა ხდება? ეს ხომ ნიშნავს, რომ ადამიანები სიყვარულისა და ყურადღების გარეშე იზრდებიან?

ნიკა შეიწირეს ადამიანებმა, რომელთათვისაც სიყვარული უცხო იყო, ხოლო ძალადობა - ახლობელი.
აღარ არის დრო, ვიზრუნოთ იმაზე, რომ სიძულვილზე, სიძულვილის ენაზე უარი ვთქვათ? თუ ასე ვუყუროთ, როგორ აყალიბებს საზოგადოება მკვლელებს, რომლებიც უდანაშაულო ადამიანებს იწირავენ?

დამენანა ნიკას სიკვდილი.
უაღრესად ნიჭიერი, მიზანდასახული, განათლებული ადამიანი დაკარგა ქვეყანამ.
ძალიან ვწუხვარ. თანავუგრძნობ ახლობლებს.
ეს სისასტიკეც და ეს მკვლელობაც საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა", - წერს ჩანადირი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

მკვლელობის საქმე შსს-მ გახსნა. "საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა