თეგებით ძიება

მოძალადე, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, არ ვაპირებ ყოფნას - ნიკა მელიამ მერობის 16 კანდიდატის დებატები დატოვა

პატივს ვცემ ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები იმართება.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ნიკა მელიამ მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მერობის კანდიდატებთან დებატები დატოვა.

„რატომ მოვედი და რატომ ვიღებ მონაწილეობას ამ ფორმატში, ფორმატში, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს რეალური დებატების გამართვას და ამაში, სამწუხაროდ, ჩვენი მაყურებელი დარწმუნდება. მაგრამ სიმართლეს გეტყვით, მოვედი აქ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადმიანები არიან დღეს ხელისუფლებაში.

მოვედი იმისთვის, რომ ვუთხრა, ეს ადამიანები არაფერს არ თაკილობენ, ეს ადამიანები ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით, ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული ადამიანი და კრიმინალების მფარველი, კრიმინალების დამსაქმებელი, ამას სჩდის. დღეს დმანისში ყველამ კარგად ვიცით, რაც გააკეთეს. ამიტომ, ეს არის ადმიანი, რომელიც უნდა დამარცხდეს არა რომელიმე პარტიის, არამედ ქართველი ხალხის მიერ და დამარცხდება, რადგან ეს ადამიანი არის მოძალადე, მე ვარ გულწრფელი და რასაც ვგულისხმობ, იმას ვსაუბრობ. პატივს ვცემ ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას. ესეც ასე. კარგად ბრძანდებოდეთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დმანისში, დაპირისპირებისას ორი პირი დაჭრეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, სოფელ განთიადში დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით არის დაჭრილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა