თეგებით ძიება

„ხელისუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება“ მზადაა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს დაუთმოს“ - პაატა ზაქარეიშვილი

ხელისუფლების შენარჩუნებისთვის „ქართული ოცნება“ მზადაა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს დაუთმოს, - ამის შესახებ TIA.GE-თან კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა:

- ეს იყო აბსოლუტურად პოპულისტური, დაახლოებით იმ ტიპის განცხადება, როგორიც 2020 წელს „გარეჯი საქართველოა“ იყო. მაშინ რამე შეიცვალა? როგორც კი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, გარეჯის თემა ყველამ დაივიწყა. ახლაც იგივე ხდება, ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის პოპულისტური განცხადება, რომელსაც კონფლიქტებთან საერთო არაფერი აქვს, იმიტომ რომ პირდაპირ ოპოზიციის და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ არის მიმართული. თანაც ივანიშვილის განცხადებაში მხოლოდ 2008 წელზეა საუბარი, თითქოს მანამდე არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა. ეს არის სრულიად არაკომპეტენტური, ცინიკური განცხადება, რომელიც სრულიად ანგრევს, სპობს და უკეთეს შეთხვევაში, ამუხრუჭებს სამშვიდობო პროცესს.

- როგორ?

- იმიტომ, რომ თუ ბოდიშის მოხდაა საჭირო, ის ასე „ჰარი-ჰარალოზე“ არ ხდება. ჯერ ერთი, ის მთელ პროცესს უნდა ითვალისწინებდეს და არა მხოლოდ 2008 წლის ეპიზოდს და მეორე, ბოდიშის მოხდის ტექსტიც კი თვეების მანძილზე მზადდება და მხარეებმა მოსალოდნელი რეაქციის  შესახებ იციან. ეს შეთანხმებული, ორმხრივი ნაბიჯი უნდა იყოს. შეიძლება მეორე მხარემ ბოდიში არ მოიხადოს, მაგრამ რომელიღაც შეთანხმებაზე ხელის მოწერა დაჩქარდეს ან სხვა ნაბიჯი გადაიდგას და არა ის წარმოუდგენლად ცინიკური პასუხები და გვაღიარეთო, რომ შემოგვითვალეს. საქმე ის არის, რომ ოსურ და აფხაზურ მხარეს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ივანიშვილი ამ ტიპის განცხადებას გააკეთებდა. ეს იყო წინდაუხედავი ნაბიჯი, რომელიც არჩევნების კონტექსტში იმისთვის გაკეთდა, რომ ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს შეუქმნას განცდა, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი ბოროტებაა. „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არის „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ კამპანიის წარმართვა, რაც მეტყველებს, რომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს და პანიკურ და ისტერიკულ ფორმატში ასეთ უხეშ, ანტისახელმწფოებრივ შეცდომებს უშვებს.

- მოსახლეობის, განსაკუთრებით 2008 წლის ომში დაღუპული ადამიანების ოჯახების რეაქციის მიხედვითთ თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლებამ სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღო..

- გარდა იმისა, რომ საპირისპირო შედეგი  მიიღეს, როგორც კონფლიქტოლოგი, სხვა საფრთხეებსაც ვხედავ. ივანიშვილმა ბოდიშის მოხდის მნიშვნელობა და შესაძლო ვარიანტები გაანადგურა და ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საქილიკო თემად აქცია. მოკლედ, საქმე გაგვიფუჭა, მაგრამ მთავარია, წავიდნენ და სამშვიდობო პროცესის დაწყების შემდეგ ამის გამოსწორება შეიძლება.

- „აგენტების კანონის“ მიღებამდე და ბოდიშის მოხდის მოწოდებამდე „ოცნების“ რეიტინგი იმდენად მაღალი იყო, რომ არჩევნებში მათ გამარჯვებაში ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა. თქვენი აზრით, ცხოვრება რატომ გაირთულეს? 

- „ოცნების“ მესამე ინიციატივასაც შეგახსენებთ, რომელიც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას ეხებოდა. ამ ინიციატივის დროს ყველაზე კარგად გამოჩნდა, რომ არაფერზე წარმოდგენა არ აქვთ. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე საუბრები  შევარდნაძის დროს იყო და მე ამაში ჩართული ვიყავი. ისიც კი არ იცოდნენ, რომ ეკლესიამ ამაზე დიდი ხანია, უარი თქვა და კონსტიტუციური შეთანხმების ანუ კონკორდატის მიმართულებით წავიდა. ეკლესიას ბრმად შესთავაზეს სისულელე, რომელიც ყველას გაუკვირდა. რაში სჭირდება ქრისტეს ეკლესიას, რომ საქართველოს ეკლესია გახდეს? სრულიად აბსურდული შეთავაზებაა. ამ მაგალითში კარგად ჩანს, რომ წარმოდგენა არ აქვთ რას აკეთებენ და შესაბამისად, ვერც „რუსული კანონის“ და ბოდიშის კონტექსტი გათვალეს. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბოდიშის მოხდა საერთოდ „აყირავებს“ ყველაფერს იმიტომ, რომ რუსეთს, როგორც აგრესორს გამორიცხავს. მე ხშირად ვედავები საქართველოს ხელისუფლებას (ამჟამინდელს თუ ყოფილს) და ჩემი მთავარი არგუმენტი და პოზიცია არის ის, რომ რუსეთი აგრესორია, რომელიც აფხაზური და ოსური საზგადოების ინტერესებს ფლობს. ამ დროს, ჩვენ, ქართული მხარე აფხაზებს და ოსებს არ ველაპარაკებით და რუსებს აფხაზურ და ოსურ კონტექსტს ვუთმობთ. ჩემი პოზიციაა, რომ ოსურ და აფხაზურ მხარეს უნდა ველაპარაკოთ, რათა რუსეთს აფხაზური და ოსური იინტერესები წავართვათ, გამოვგლიჯოთ, მოვაცილოთ... ამ დროს ივანიშვილმა თავისი ბოდიშით რუსეთი მთლიანად გამორიცხა და აგრესორები ჩვენ დავრჩით. ამ ვითარებაში ოსურ და აფხაზურ საზოგადოებასთან საუბარს ჩემი კონცეფციიდანაც კი აზრი ეკარგება, იმიტომ, რომ თუ აგრესორი ხარ, კი არ უნდა ილაპარაკო, აგრესიის საფუძვლები უნდა მოსპო. დღეს აგრესიის საფუძველი რუსეთია და ჩვენ ჩემი აზრით, საჭიროებისამებრ ვერ ვპასუხობთ რუსულ აგრესიას და სოხუმს და ცხინვალს ვუთმობთ. ივანიშვილმა ეს ყველაფერი ამოაყირავა და მოაცილა... ის გორში სიტყვით გამოვიდა და გორის დაბომბვა არ უხსენებია. განა გამორჩა, შეგნებულად არ თქვა, რომ რუსეთი არ გააბრაზოს. რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ „ქართული ოცნება“ მათზე მუშაობს და თუ ამ ვერსიას გავითვალისწინებთ, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება... ქართულ ოცნებას უნდა რუსეთს აჩვენოს, რომ საქართველო მთლიანად რუსულ რელსებზე გადავიდა, რომ რუსეთი „ქართული ოცნების“ ძალაუფლების გარანტორი გახდეს. ბოლოს გეტყვით, რომ სოხუმსა და ცხინვალში არის შიშები, თითქოს რუსეთი აფხაზეთს და ცხინვალის რეგონს საქართველოს უთმობს. მე პირიქით მგონია... ვფიქრობ, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება“ მზადაა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს დაუთმოს“, - ამბობს კონფლიქტოლოგი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა