თეგებით ძიება

პატრიარქი - დიდია მწუხარება, რომელიც ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.

"დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.

გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.

ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში.

შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა