უსაფრთხოების ზომები აქ მეტად იქნება დაცული - ეკატერინე ტიკარაძე სააკაშვილის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანაზე
უსაფრთხოების ზომები აქ მეტად იქნება დაცული და ყველაფერი გაკეთდება პაციენტის ჯანმრთელობის და ინტერესების სასარგებლოდ, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაყვანაზე.
"პენიტენციური სამსახურის დებულების მიხედვით, მათ აქვთ იმის საშუალება, რომ მიიღონ მიხეილ სააკაშვილი თავიანთ კლინიკაში და ასევე ის სერვისები, რომელიც ამ ეტაპისთვის პაციენტს ესაჭიროება, სრულად არის შეთავაზებული პენიტენციური სამსახურის მხრიდან და მხოლოდ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ მათ შესთავაზეს მე-18 დაწესებულება და არა რომელიმე სხვა კლინიკა, ვინაიდან თვლიან, რომ უსაფრთხოების ზომები აქ მეტად იქნება დაცული და ყველაფერი გაკეთდება პაციენტის ჯანმრთელობის და ინტერესების სასარგებლოდ ", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
ცნობისთვის, გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს თავად ექსპრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან მესამე პრეზიდენტი შიმშილობს.