„ვიღაცამ ნუდები შეტენა და ეგონათ, მე გავაკეთე” – ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანის პირველი კომენტარი
ცნობილია, რომ ბათუმში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირება სოციალურ ქსელში დაიწყო. მსხვერპლ გოგონას თანატოლები ინტერნეტში მათი სახელით შიშველი ფოტოების გავრცელებაში ადანაშაულებდნენ.
მოზარდებს ეჭვი ჰქონდათ, რომ სხვა არასრულწლოვანის ინტიმური ფოტოები მსხვერპლმა მესამე პირს გაუგზავნა და ამიტომაც მასზე შური იძიეს.
“სახლში მომაკითხეს, ჯერ მხოლოდ ეგ ორი მოვიდა, მერე ავტობუსით გავედით, იქ მიმიყვანს, იქ ვიღაც ბიჭებს ელოდებოდნენ, მიზეზი არ ვიცი, ვიღაცამ ნუდები შეტენა და ეგონათ, მე გავაკეთე, რადგან მასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა” – უყვება „ტვ პირველს” ძალადობის მსხვერპლი. ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ბათუმში ასეთი ფაქტი პირველი არაა და ჩაგვრამ სისტემური ხასიათი მიიღო, სხვადასხვა სკოლებიდან მიმართვიანობა გაიზარდა და ეს მონაცემები საგანგაშოა.