კრწანისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1960 წელს დაბადებული პ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში დააკავეს და მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ცხრა ვაზნა და პნევმატური პისტოლეტი, ასევე, ფული – 11 200 დოლარი, 50 ევრო და 3 695 ლარი.
პოლიციამ სოფელ კრწანისში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, საბრძოლო ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია ამოიღო. სამართალდამცველებმა თბილისში, პ.ს.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „ტტ“-ს კონსტრუქციის სამი პისტოლეტი, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „კომპაქტის“ და „არკუსის“ მოდელების ორი პისტოლეტი, „გეკოს“ ტიპის ორი იარაღი, ოთხი სანადირო გლუვლულიანი თოფი და სამი შაშხანა, სასწავლო ხელყუმბარა და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 4182 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული – 36 700 დოლარი“, - აღნიშნულია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.