ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანა სასამართლომ კანონიერად მიიჩნია - PHR
ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანა სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია. ინფორმაციას ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)ავრცელებს.
"2021 წლის 1 ნოემბერს #PHR-ს ჩაბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თეა ძიმისტარაშვილის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალა პანსიონში მოთავსებული შშმ ბავშვების დაუყოვნებელი, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, გამოყვანა და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში განთავსება (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლში) ან ოჯახებში დაბრუნება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიხედვით აკრძალულია ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიურო ძალადობა, ჩაგვრა, იძულება წამება და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმის გამოყენება. ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან ბავშვების დასაცავად, შექმნას ძალადობის შეტყობინების, გასაჩივრების, რეფერირების და გამოძიების ეფექტური მექანიზმები. ძალადობის შედეგად დაზარალებული ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და უფლებების აღდგენისთვის საჭიროა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.