ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კალათბურთელს ბრალი დაუმძიმდა
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 23 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინეს.
კორესპოდენტის ცნობით, ვაჩე ცაკაშვილს ბრალი დაუმძიმდა. ახალგაზრდა სპორტსმენს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ. შსს ამ დრომდე საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
23 წლის კაცს ამ დრომდე სახაზინო ადვოკატი იცავდა, თუმცა ბრალის წარდგენის შემდეგ საქმეში მისი ადვოკატი ჩაერთო. ინგა სეხნიაშვილის თქმით, საქმის მასალებს არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს.
"ტვ პირველი" უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულის ოჯახშიც იმყოფებოდა. სპორტსმენის ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა თბილისში იმყოფება. მათ წაყენებული ბრალის დაჯერება უჭირთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცმა 31 ოქტომბერს, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.