სუს-ის ახალი ფაილები გავრცელდა - რა წერია საიდუმლო დოკუმენტში?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ახალმა მასალებმა გამოჟონა. ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს
ტელეკომპანიის ცნობით, ფაილების მიხედვით, სუს-ი და "ქართული ოცნება" სკოლის დირექტორებს აკონტროლებენ და მათი დანიშვნა/გათავისუფლება მმართველი პარტიისადმი ლოიალურობის მიხედვით ხდება.
მასალა ათასობით ფაილისგან შედგება და 2018 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. ფაილებიდან ირკვევა, რომ სუს-ი მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის დირექტორს აკონტროლებს, იცის მათი პოლიტიკური შეხედულებები.
სუს-ის ფაილების მიხედვით, თბილისში არის რამდენიმე სკოლა, სადაც დირექტორი თანამდებობიდან სუს-ის უარყოფითი რეკომენდაციის გამო გაათავისუფლეს. მაგალითად, თუ რესურს ცენტრი დირექტორს აძლევს დადებით რეკომენდაციას, თუმცა სუსი და პარტია უარყოფითს, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, დირექტორის გათავისუფლება ხდება. აღსანიშნავია, რომ სუსის ფაილები შეიცავს დირექტორების პირად ინფორმაციასაც.
"ფორმულამ" გამოჟონილი ფაილების მიხედვით გაარკვია, რომ სუს-ის და ქართული ოცნების უარყოფითი რეკომენდაციის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს თბილისის #102-ე საჯარო სკოლის დირექტორი, გიორგი ედილაშვილი.
კიდევ ერთი უარყოფითი რეკომენდაცია სუსმა და პარტიამ გასცა თბილისის #186-ე სკოლის დირექტორზეც. სუს-ის განმარტებაში ვკითხულობთ, რომ მაია გრიგოლია სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი ლიდერების გვერდებს იწონებდა. მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლიას კარგი დახასიათება ჰქონდა როგორც რესურს ცენტრიდან ისე თანამშრომლებისგან, ის თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლეს. 1 წელია ის სასამართლოში დაობს.
სუს-ის ფაილებში ასევე #142-ე და მე-10 სკოლები მოხვდნენ. სუს-ის ჩანაწერების მიხედვით 142-ე სკოლის დირექტორს შორენა ცნობილაძეს ვადა სექტემბერში გასდიოდა, თუმცა სუს-ის რეკომენდაციაში წერია, რომ მას უარყოფითი რეკომენდაცია მისცეს, რადგან პარტიის მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო. ცნობილაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი ბელა ხუბუტია სოციალურ ქსელშ ღიად აკრიტიკებდა ხელისუფლებას. რესურს ცენტრი მას დადებითად ახასიათებდა, თუმცა სუს-მა უარყოფითი რეკომენდაცია გასცა, რის შემდეგაც ხუბუტია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.