თეგებით ძიება

"ეს სააკაშვილის პირადი ტრაგედიაცაა და ჩვენიც, ყველასი. რას იზამს და როგორ მოიქცევა ახლა, სააკაშვილისვე გადასაწყვეტია" - სალომე ასათიანი

ჟურნალისტი, სალომე ასათიანი საქართველოში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ ვითასრებას და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს:

"პრობლემა სააკაშვილში აღარ არის. მთავარი და შემზარავი ისაა, ჩვენ სად ვართ ამ ყველაფერში - მოქალაქეები - და ჩვენ რა ხეირი ძალაუფლებისთვის მიმდინარე ამ დამზაფვრელი თამაშებიდან. როდემდე უნდა ვიცხოვროთ იმ ხელისუფლების პირობებში, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საერთოდ აღარაფერი აქვს დარჩენილი სააკაშვილის და მისი ყოფილი თუ ახლანდელი პოლიტიკური ძალის მიმართ ზიზღის, სიძულვილის, ბოღმის მუდმივი გაღვივების გარდა. შიში და ზიზღი - ესაა მათი ერთადერთი პოლიტიკური კაპიტალი, სხვა არაფერი. „სისტემას“, რომელიც უნდა „დანგრეულიყო“, რაც მოუვიდა ვხედავთ - ქვეყანას ვინ მართავს, გადაწყვეტილებებს ვინ იღებს ისიც კი აღარ ვიცით, ძალაუფლების ბუნდოვანი და შავბნელი „ღერძები“ - ივანიშვილი, სუსი, საპატრიარქო - სრულიად გასულები არიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც, დიდი და საფუძვლიანი ეჭვით, ქვეყნის არაოფიციალური მმართველის შვილთან ტანდემში სკოლის მოსწავლეებს აბულინგებდა - და ამ საფუძვლიან ეჭვს მართლმსაჯულებაც და პროკურატურაც დემონსტრაციულად იკიდებს ფეხებზე. გვყავს ამ მთავრობისვე აღიარებით „გამაოგნებელი“ სისასტიკით დარბეული აქციების დროს თვალებდათხრილი მოზარდები - მაგრამ ესეც ყველას შერჩა. სასამართლო რა დღეშია ვხედავთ (აგერ პრემიერი პირდაპირ და ომახიანად იძახის, სააკაშვილს, თუ მოგვინდება, ჩვენ დ ა ვ უ მ ა ტ ე ბ თ მუხლებსო), უსაფრთხოების სამსახურები ტელეფონებში და საძინებლებში გვისხედან, ფაშისტოიდური ჯგუფები უმცირესობებზე ჯგუფურად და ღიად ძალადობენ ქუჩებში. „სისტემაში“ კი კრებითი მარიანა ჩოლოიანი ზის - რომლის მხრიდან წინა ხელისუფლების დროს წამებაში მონაწილეობას სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, ის კი ახლაც უდანაშაულო და დაფეთებულ თინეიჯერებს უტარებს „დაკითხვას“. ბევრჯერ მითქვამს და ალბათ ბევრჯერ ვიტყვი - ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური რეალობის უკიდეგანო ფარისევლობის სახელი, თუ სიმბოლო, ლუკა სირაძეა, პატარა ბიჭი, რომელმაც სისტემის დაუნდობლობის გამო თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. ჩოლოიანის ვადამდელი გათავისუფლების შემდეგ მით უმეტეს - თან იმ ფონზე, როცა სააკაშვილს გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას ედავებიან.

თორემ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური ტრაექტორია ვიცით, გავიგეთ, გავიაზრეთ და გავიარეთ. ყველამ არა, ცხადია - ყველა ერთნაირად ვერ ვიფიქრებთ - მაგრამ მაინც. მას, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ალბათ შეეძლო ისტორიაში სხვანაირად შესვლა, თეორიულად ჰქონდა შანსი დარჩენილიყო იმ იმედების გამამართლებელ ლიდერად, რომლებსაც ერთ დროს ბევრი უკავშირებდა მას და მის გუნდს. მაგრამ ისტორიას „ალბათ“ რეგისტრი არ უყვარს. გვაქვს ის, რაც გვაქვს - ფიგურა, რომელიც ჯერ უკონტროლო ძალაუფლების მოპოვებამ და შემდეგ, კიდევ უფრო მეტად, ამ ძალაუფლების დაკარგვამ სრულიად ააცდინა ადეკვატურობას და საკუთარი თავის გროტესკად გადააქცია. ტრაგიკულია რომ ამ გუნდის ავტორიტარულ ინსტინქტებს, ძალაუფლებაზე დახარბებას, რეპრესიებს და სადიზმს შეეწირა ჩვენი ახლო წარსულიც და დღევანდელობაც. ეს სააკაშვილის პირადი ტრაგედიაცაა და ჩვენიც, ყველასი. რას იზამს და როგორ მოიქცევა ახლა, სააკაშვილისვე გადასაწყვეტია. მისი ერთი ოდიოზური მოკავშირე სააკაშვილს მანდელას ადარებდა ახლახან, უგემოვნოდ და უხერხულად - მანდელა 27 წელი იჯდა ციხეში. ეს ერთი გზაა - თეორიული, ისტორიული და გაბედული. სააკაშვილმა, როგორც ვნახეთ, ჯერ ქვეყნიდან წასვლა და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება აირჩია, ახლა შიმშილობას მიმართა, თუნდაც ამ ტიპისას. საშინლად უხამსი და დამთრგუნველია გავრცელებული კადრებიც და მისთვის ფაფების და წვენების თვლაც. თუმცა ამ ზიზღის სივრცეში ლოგიკური და მოსალოდნელიც.

მაგრამ, კიდევ ერთხელ, ახლა სააკაშვილი და მისი გზა ნამდვილად არ არის მთავარი. ის, სადაც ახლა ვართ, ყველაზე საზარელი ადგილია, ყველაზე სულისშემხუთველი და ბნელი. წარსულის სისტემურ გააზრებაზე, ავტორიტარიზმის ინერციის გადალახვაზე, სისტემის გაჯანსაღებაზე ლაპარაკიც აღარ არის - ყველაფერი, მოგეხსენებათ, კონტექსტუალურია, ჩვენს დღევანდელ კონტექსტში კი ეს ზედმიწევნით კომიკურად ჟღერს. რამენაირად უნდა შევძლოთ რაშიც გვამყოფებენ - ზიზღში, სიძულვილში, მანიპულაციებში - ამის ცოტა დისტანციიდან დანახვა, უნდა შევძლოთ უიმედობასთან ბრძოლა და რაც გვაქვს, იმ რეალობაში ორიენტირება. მაგრამ ეს „უნდა“ დღითიდღე უფრო და უფრო ძნელი ხდება. მგონი უკვე შეუძლებელიც", - წერს ასათიანი ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა