შეიძლება ადამიანი ნაშიმშილები კი არა, ნამარხულებიც არ იყოს და აზიარო. ის, რომ პატიმარი აზიარა, ეს მადლიანი საქმეა - მეუფე გრიგოლი სააკაშვილის ზიარებაზე
შეიძლება ადამიანი ნაშიმშილები კი არა, ნამარხულებიც არ იყოს და აზიაროს, ეს მისი გადასაწყვეტია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ის, რომ ახლა პატიმარი აზიარა ეს მადლიანი საქმეა, - ასე აფასებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის მიერ საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ზიარების საკითხს.
"მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს იყო მისი გადასაწყვეტი. უშუალოდ ის წყვეტს, როცა ადამიანს სულიერ თემაზე ესაუბრება, როცა აღსარებას იბარებს, აზიაროს, თუ არაზიაროს. გააჩნია კონკრეტულ ვითარებას, როცა ადამიანი საგანგებო - განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, ან ავად არის, ან რაიმე სხვა უკიდურესად რთული გარემოა, შეიძლება მაშინ ადამიანი ნაშიმშილები კი არა, ნამარხულებიც არ იყოს და აზიაროს, ეს მისი გადასაწყვეტია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ის, რომ ახლა პატიმარი აზიარა ეს მადლიანი საქმეა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ციხეში აზიარა. ფაქტს საპატრიარქოც გამოეხმაურა და სასულიერო პირს საქციელი დაუწუნა ექსპრეზიდენტის ზიარება მის მიერ ჩადენილ გადაცდომად მიიჩნია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.