დროა გერმანიამ მხარი დაუჭიროს უკრაინის შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებს რუსეთის წინააღმდეგ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დროა გერმანიამ მხარი დაუჭიროს უკრაინის შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებს რუსეთის წინააღმდეგ.
„ვფიქრობ, ბირთვული იარაღის შესახებ განცხადებების შემდეგ, დროა გერმანიამ მხარი დაუჭიროს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი კვლავ უარს ეუბნება უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებაზე, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა პოლიტიკა შეცვალა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
„არსებობს გარკვეული შეზღუდვები კანცლერისთვის. მას არ სურს ამ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება. ეს პოზიცია არ შეიცვლება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.