"ირანში კონფლიქტის ფონზე, 2026 წელს მოსალოდნელია სამშენებლო მასალების გაძვირება, რაც მშენებლობის ღირებულების ზრდას დააჩქარებს“ - კვლევა
მშენებლობის ინდუსტრია სწრაფი ტემპით იზრდება, რაც საჯარო და კერძო სექტორებიდან გაზრდილმა ფასებმა და რეკორდულმა მოთხოვნამ წაახალისა, - ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში.
კვლევის თანახმად, 2025 წელს სამშენებლო სექტორის ზომამ 7.3 მილიარდი ლარი შეადგინა, სექტორის წილი კი მთლიან შიდა პროდუქტში 8%-ს გაუტოლდა.
"2026 წელს მოსალოდნელია სამშენებლო მასალების გაძვირება“
ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, 2026 წელს მოსალოდნელია სამშენებლო მასალების გაძვირება, რაც თავის მხრივ მშენებლობის ღირებულების ზრდას გამოიწვევს.
ინფორმაციისთვის, მშენებლობის ღირებულებაში ყველაზე დიდი წილი - 50% სამშენებლო მასალებს უკავია, 31% ხელფასებზე მოდის, 10% - მანქანა-დანადგარებზე, 4% - ტრანსპორტირებაზე და 4% კი, სხვა დანახარჯებზე.
„მძიმე ინდუსტრიის სამშენებლო მასალები ძირითადად საქართველოში იწარმოება (ადგილობრივი წარმოების წილი 66%-ია). 2024–2025 წლებში ბეტონის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა რეკორდულად მაღალი სამშენებლო ნებართვებისა და ინფრასტრუქტურული ხარჯების ფონზე.
2025 წელს დაწესებულმა იმპორტის ტარიფმა რუსეთიდან და ირანიდან არმატურის იმპორტი თურქული მიწოდებით ჩაანაცვლა და ადგილობრივი წარმოება წაახალისა.
2022–2024 წლებში სწრაფი ზრდის შემდეგ, 2025 წელს ცემენტის ფასები დასტაბილურდა, თუმცა, 2026 წელს ირანთან ომის პარალელურად, ფასების ზრდის კვლავ დაჩქარებაა მოსალოდნელი.
ირანში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, 2026 წელს მოსალოდნელია სამშენებლო მასალების გაძვირება, რაც მშენებლობის ღირებულების ზრდას დააჩქარებს“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.