საქართველოში შესაძლოა, ზეთი კიდევ გაძვირდეს
საქართველოში ზეთის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში პროდუქციის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი იზრდება და 1-ლი დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ტონაზე 276 დოლარი და 70 ცენტი გახდება. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი.
მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა და ძალაში 2022 წლის 31 აგვისტომდე იქნება. ეს საორიენტაციო და საბაზისო ფასებს (ტონაზე 1000 დოლარი) შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს.
საქართველოში ზეთის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ სულ იყიდა 36,964 მლნ დოლარის ღირებულების 25 257 ტონა ზეთი, აქედან 87,7% ანუ 22 150 ტონა კი რუსეთში. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი - 1 853 ტონით, მესამეზე კი უკრაინა, საიდანაც მიმდინარე წლის 9 თვეში 1 137 ტონა მზესუმზირის ზეთი შემოვიდა.
იმის გამო, რომ საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი რუსეთია, ცხადია, რომ გაზრდილი საექსპორტო ტარიფი ქართულ საცალო ბაზარზეც აისახება. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ დეკემბრიდან ქვეყანაში მზესუმზირის ზეთი ისევ გაძვირდეს.
წყარო: პალიტრანიუსი