თეგებით ძიება

ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით - მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებებს პირველ რიგში პატიმრების, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.

ბრეგაძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის მომენტიდან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც მას რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურეობა ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ამ მომსახურეობის მიწოდება ვერ უზრუნველყო. მისი ყველა სამედიცინო საჭიროება არის დაკმაყოფილებული. ამასთანავე, მსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვაცხადო, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მოსალოდნელი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფომ მსჯავრდებული რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. შესაბამისად, მისი დაცულობის ხარისხი სამედიცინო თვალსაზრისითაც დღეს ბევრად მაღალია. შეგახსენებთ, აღნიშნული სამკურნალო დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს, როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი, ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია. ამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

„ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას. ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას. პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებებს პირველ რიგში პატიმრების, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. გლდანის მე-18 დაწესებულებაში ერთიც და მეორეც უმაღლეს დონეზე არის დაცული. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ეს არის მავნებელი. აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პატიმარს შიმშილობის შეწყვეტისკენ“,-განაცხადა ბრეგაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა